დავით ყოლბაია


ბიოგრაფია
1990–იანი წლების დასაწყისში, საქართველოსთვის პოლიტიკური ცვლილებების მძიმე პერიოდში, პოლონეთში, კერძოდ კი ლოძის, ვარშავისა და მოგვიანებით სხვა ქალაქების სასწავლებლებში, ახალგაზრდა ქართველი სტუდენტების საკმაოდ დიდი ჯგუფი ჩავიდა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ცოდნას იღრმავებდნენ, სადოქტორო ნაშრომებს წერდნენ, თავისუფალ დროს კი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდნენ. მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური იყო დავით ყოლბაია, დღეს ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის კვლევების კავკასიის მიმართულების ცენტრის ხელმძღვანელი.
დავით ყოლბაია 1965 წელს დაიბადა. სკოლა ზუგდიდში დაამთავრა, შემდეგ, 1990 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ამჟამად მოღვაწეობს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტზე და ისტორიკოსობასთან ერთად არის ქართველოლოგიც. მან ჯერ კიდევ 1991 წელს დააარსა ვარშავაში ქართველოლოგიური ჟურნალი „პრო გეორგია“ („Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies“), რომელიც 1998 წლამდე გამოდიოდა პოლონურ ენაზე, 2002 წლიდან კი დამატებით გერმანულ და ინგლისურ ენებზეც ბეჭდავს სტატიებს. ჟურნალი გამოდის ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის ეგიდით.
ვარშავის უნივერსიტეტის პირველი ქართველი დოქტორი გახლდათ გრიგოლ ფერაძე. გავიდა წლები და 1996 წელს ნაშრომისათვის „კათოლიკე მისიონერები საქართველოში და მათი ცნობები საქართველოს შესახებ“ დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა ვარშავის უნივერსიტეტის 31 წლის ასპირანტ დავით ყოლბაიას. ალბათ სიმბოლურია, რომ სწორედ მისი ძალისხმევით 2002 წლიდან იმართება წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია მსოფლიოს წამყვან მკვლევართა მონაწილეობით. აქ გამართული ქართველოლოგიური სემინარის წიაღში მოქმედებს გრიგოლ ფერაძის მემკვიდრეობის შესწავლის მეცნიერული ჯგუფი, რომელიც იკვლევს და აქვეყნებს მის სამეცნიერო შრომებს. 2010 წლიდან 2 წელიწადში ერთხელ გაიცემა წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია.
ვარშავის უნივერსიტეტში ქართული ისტორიისა და კულტურის შესწავლას დიდი და მდიდარი ტრადიცია აქვს. წინასწარ შემუშავებული პროგრამის მიხედვით იკითხება ლექციები საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, ისწავლება ქართული ენა. დავით ყოლბაია კითხულობს ლექციებს ლოძისა და ვარშავის უნივერსიტეტებში. აქვს მიწვევები სხვა ქვეყნებიდანაც. ფლობს ინგლისურ, პოლონურ, რუსულ, ძველბერძნულ და ლათინურ ენებს. 
დავით ყოლბაია აქვეყნებს ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური ხასიათის გამოკვლევებს (ენათმეცნიერული, ლიტერათურათმცოდნეობითი, ეთნოლოგიური, ისტორიული). მისმა სამეცნიერო საქმიანობამ შეუწყო ხელი პოლონური ქართველოლოგიის განვითარებას, ქართული ენისა და მწერლობის, გამორჩეულად ქართული ეკლესიის ისტორიის შესწავლას.
მან შემოიკრიბა პოლონეთსა და ევროპაში მოღვაწე ქართველოლოგები, ბეჭდავს აგრეთვე ქართველ, სომეხ, ებრაელ მკვლევართა სტატიებს. ჟურნალი „პრო გეორგია“ თვალსაჩინო როლს ასრულებს ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. რეგულარულად იბეჭდება ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები, გამოკვლევათა ვრცელი მიმოხილვები, ბიბლიოგრაფიები, ანოტაციები.
დავით ყოლბაიას თაოსნობით პოლონეთში დაარსდა საქართველოსა და პოლონეთის მეგობრობის საზოგადოება, რომლის ვიცე–პრეზიდენტიც თავადაა; მანვე აღადგინა ვარშავის 1920 წელს დაარსებული ქართული კლუბი. იგი დღესაც ჩვეული რუდუნებით აგრძელებს მუშაობას. მან ძველქართულიდან პოლონურად თარგმნა და წიგნად გამოუშვა „მოქცევაი ქართლისაი“ (შენიშვნა-კომენტარებით), რაც ვარშავის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტთათვის სავალდებულო წყაროდ მიიჩნევა; თარგმნა „გალობანი სინანულისანი“ (ზურაბ ჭავჭავაძის დადგენილი ტექსტის მიხედვით), რასაც პოლონეთის სამეცნიერო წრეებში ცხოველი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე პოლონურად თარგმნა ქართული ჰაგიოგრაფიის (გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება), საისტორიო მწერლობის (ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრების“, ჯუანშერის „ვახტანგ მეფის ცხოვრების“), მატიანე ქართლისაის და სხვა უძველესი სიტყვიერების ნიმუშები.
გამორჩეული ყურაღდებით ეკიდება დავით ყოლბაია ქართულ-პოლონურ ისტორიულ ურთიერთობებსაც. 2008 წელს სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა ქართველ იუნკერთა ისტორიას პოლონეთის არმიის სამსახურში 1922-1944 წლებში. ნაშრომს დართული აქვს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ტრაგიკულად დაღუპული ლეხ კაჩინსკის წინათქმა. საგულისხმოა, რომ ქართული თემატიკა ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში ფიგურირებდა პოლონელ მემატიანეთა თუ ჟამთაღმწერელთა, დიპლომატთა თუ მოგზაურთა, კათოლიკე-მისიონერთა თუ მწერალთა თხზულებებში.
დავით ყოლბაიას ინიციატივით ქართულად ითარგმნა და 2011 წელს ვარშავაში გამოიცა ადამ მიცკევიჩის „პან თადეოზი ანუ უკანასკნელი თავდასხმა ლიტვაში“= Pan Tadeusz czyli Ostatni zajazd na Litwie: აზნაურთა ამბავი 1811-1812 წლებში: 12 წიგნად და ლექსად თქმული (პოლ. თარგმნა ვიტალი უგრეხელიძემ; ტექსტი დედანთან შეადარა, ბოლოთქმა დაურთო და გამოსაც. მოამზადა დავით ყოლბაიამ).
დავით ყოლბაიას ხანგრძლივი და ნაყოფიერი გარჯის შედეგია 2012 წელს, ვარშავაში, ქართულ ენაზე წმინდა გრიგოლ ფერაძის თხზულებათა კრებულის პირველი ტომის გამოცემა. წიგნს წინ უძღვის ნარკვევი „წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა“ (გამოკვლევა ეკუთვნის დ. ყოლბაიას), რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილი მონაცემების გარდა, ეფუძნება ვარშავის მიტროპოლიტის არქივში დაცულ აქამდე უცნობ დოკუმენტურ მასალას. კრებულში შესულია გრიგოლ ფერაძის ავტობიოგრაფიული წერილები და მისი სამეცნიერო ნაშრომი „ბერ-მონაზვნობის ისტორიისათვის საქართველოში, ქართული ეკლესიის უძველესი ისტორია“.
დავით ყოლბაია ქართველოლოგიაში მიღწეული წარმატებებისა და საქართველო–პოლონეთს შორის სამეცნიერო ურთიერთობების დამყარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია სხვადასხვა ჯილდოთი: 2003, 2007 წლებში დაიმსახურა ვარშავის უნივერსიტეტის რექტორის ჯილდო; 2004 და 2014 წლებში დაჯილდოვდა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ი. ჯავახიშვილის სახელობის მედლით, 2013 წელს კი ღირსების ორდენით.