უნივერსიტეტის ისტორია

სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების მძლავრი კერაა შიდა ქართლში, რომელიც ორი უმაღლესი სასწავლებლის - სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ-ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა (საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 აგვისტოს #176 დადგენილება).

გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტებს, რომელთა სამართალ მემკვიდრეც ამჟამად გორის უნივერსიტეტია, მდიდარი და ღრმა ისტორიული წარსული აქვთ. გორში ჯერ კიდევ 1876 წლის 12 სექტემბერს გაიხსნა ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე მრავალი ღვაწლმოსილი პედაგოგი აღუზარდა სამშობლოს. მათ შორის არაერთი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეა: ვაჟა-ფშაველა, მიხეილ წინამძღვრიშვილი, ია კარგარეთელი და სხვ.

1935 წლის აგვისტოში გაიხსნა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი, რომელიც 1939 წელს გადაკეთდა გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტად ოთხწლიანი სწავლებით. ინსტიტუტმა მიიღო დიდი ქართველი პოეტის ნ. ბარათაშვილის სახელი. 1985 წელს მოხდა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ინსტიტუტს ეწოდა გორის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი, 1997 წლიდან კი - გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტი. 1999 წლის 16 ივლისს აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელს მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი.

ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1932 წელს დაარსდა, სადაც მხოლოდ ერთი _ აგრობიოლოგიის ფაკულტეტი ფუნქციონირებდა. მომდევნო წლებში მას ახალი ფაკულტეტები დაემატა. ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი წარმოადგენდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ცენტრს. ჩამოყალიბების დღიდან ეს სასწავლო კერა ქართველ მეცნიერთა განსაკუთრებულ მხარდაჭერას გრძნობდა.

ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ, 1991 წლიდან ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურმა ინსტიტუტმა ქ. გორში განაგრძო ფუნქციონირება. მიუხედავად მწირი მატერიალური ბაზისა, ინსტიტუტის კოლექტივმა შეძლო სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა და მაღალკვალიფიციური კადრებით შეინარჩუნა სწავლების ხარისხი. 2000 წლის 16 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა.

აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა პერიოდში სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ ისეთი დიდი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: გ. ახვლედიანი, ე. მეტრეველი, ა. ჩიქობავა, თ. უთურგაიძე, გ. ჟორდანია, ზ. სარჯველაძე, ს. გაჩეჩილაძე, ს. ხუციშვილი, ვ. თოფურია, ს. მაკალათია, გ. მერკვილაძე, დ. თევზაძედასხვ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის N458 დადგენილებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი გორის სასწავლო უნივერსიტეტი რეორგანიზებულ იქნა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად - გორის სასწავლო უნივერსიტეტად.

სსიპ - გორის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დაგენილება #09-90 19.06.2012 მიხედვით, უნივერსიტეტის სახელწოდება შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“.