პანკისელი სპორტსმენები

10 ნოემბერი,2017

ვაინახური კულტურის კვირეულის ფარგლებში გორს პანკისელი სპორტსმენები ეწვივნენ. სოფელ დუისის ძიუდოს სკოლის წარმომადგნლებმა (მთავარი მწვრთნელი დავით ჭიკაიძე) ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოს სექციის წარმომადგენლებთან ერთად ერთობლივი ვარჯიში და საჩვენებელი შეხვედრები გამართეს. შეხვედრები გაიმართა 6 წონით კატეგორიაში, სადაც მონაწილეობას 22 პატარა სპორტსმენი იღებდა. საჩვენებელი შეხვედრების დასრულებისას მონაწილე სპორტსმენები დაჯილდოვდნენ სიგელებით და საჩუქრებით.
სპორტულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი და ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, ბატონი თემურ ხუბულური, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი მრჩეველი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ქალბატონი მექა ხანგოშვილი, გამოჩენილი ქართველი სპორტსმენი ტარიელ მუთოშვილი და ასევე სხვა მოწვეული სტუმრები.
კვირეულის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, კულტურის თვითმყოფადობის შემადგენელი ელემენტების – ენის, ტრადიციების, შემოქმედების ნიმუშებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, ქართულ-ვაინახური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება და ამ პროცესებში გორის უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობა.

მიმაგრებული სურათები