შინაგანაწესი

დანართი 1.

სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. შინაგანაწესის მიზნები

სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) შინაგანაწესი განსაზღვრავს უნივერსიტეტის შრომის განაწესს; სამუშაო კვირის ხანგრძლივობას; ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროს; დასვენების ხანგრძლივობას; შრომის ანაზღაურების გაცემის დროს და ადგილს; ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობას და მიცემის წესს; ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობას და მიცემის წესს; შრომის პირობების დაცვის წესს; წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახესა და გამოყენების პირობებს; სამსახურში ეთიკური ნორმების დაცვის უზრუნველყოფას.

მუხლი 2. შინაგანაწესის წყაროები

წინამდებარე შინაგანაწესის ნორმები შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე.

მუხლი 3. პერსონალის მიერ შინაგანაწესის შესრულება

პერსონალი სპეციალობის, კვალიფიკაციისა და თანამდებობის გათვალისწინებით, გარკვეული სამუშაოს შესრულების, შრომის ხელშეკრულების პირობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაცვის ვალდებულების გარდა, ასევე ვალდებულია, სპეციალური მითითების გარეშე, დაიცვას წინამდებარე შინაგანაწესი და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც მის საქმიანობას ეხება და სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება.

მუხლი 4. შინაგანაწესის მოქმედების სფერო

შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტში მომუშავე პერსონალისათვის.

თავი II

სამუშაო და დასვენების დრო

მუხლი 5. სამუშაო დრო

  1. უნივერსიტეტში სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება კვირაში ხუთი დღით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო ყოველი წლის 01 აგვისტოდან 01 სექტემბრამდე 10 საათიდან 17 საათამდე. შესვენების დროს განისაზღვრება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე. აკადემიური პერსონალისათვის, მასწავლებლებისა და სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეული სპეციალისტებისთვის სამუშაო დღე არანორმირებულია. ისინი სამუშაო დღის განმავლობაში ასრულებენ სასწავლო-მეთოდურ ან/და სამეცნიერო- კვლევით სამუშაოს.
  2. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ ერთი საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.
  3. უნივერსიტეტსა და პერსონალს შორის სამუშაო დროის ხანგრძლივობა შესაძლებელია განისაზღვროს ურთიერთშეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით შრომის კანონმდებლობის საფუძველზე.
  4. სასწავლო პროცესის მოთხოვნის გათვალისწინებით პერსონალისათვის დასაშვებია 6 დღიანი სამუშაო კვირა, არაუმეტეს 41 საათისა კვირაში.
  5. უქმე დღეები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე.

მუხლი 6. სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან წასვლის წესი

  1. უნივერსიტეტის პერსონალი ვალდებულია დააფიქსიროს სამუშაოზე მისი გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან გასვლის ფაქტები უნივერსიტეტში საამისოდ გამოყოფილ ადგილას სარეგისტრაციო ჟურნალის მეშვეობით. აღნიშნულის დაცვა სავალდებულოა დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სარეგისტრაციო ჟურნალში დაფიქსირებულ მონაცემებზე კონტროლს ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

მუხლი 7. სამუშაოზე დაგვიანება

  1. სამუშაოზე დაგვიანებად მიიჩნევა პერსონალის მიერ სამუშაო დროს სამუშაო ადგილზე დაგვიანებით გამოცხადება.
  2. სამუშაოზე დაგვიანება შესაძლებელია ჩაითვალოს საპატიოდ ან არასაპატიოდ წინამდებარე შინაგანაწესის მე-8 მუხლით დადგენილი წესების დაცვის შემთხვევაში.

მუხლი 8. პერსონალის მიერ გაცდენილი სამუშაო დროის საპატიოდ ან არასაპატიოდ ჩათვლა

  1. სამუშაოზე დაგვიანება და სამუშაო დროის სხვა სახის გაცდენა საპატიოდ ჩაითვლებათუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დააკმაყოფილებს პერსონალის ზეპირ, ან წერილობით თხოვნას დაგვიანების საპატიოდ ჩათვლის თაობაზე. ამ მიზნით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია დაგვიანებისთანავე თავის დაქვემდებარებაში მყოფ პერსონალს მოსთხოვოს სამსახურებრივი ბარათის წარმოდგენა.
  2. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სამუშაოზე დაგვიანების, ან სამუშაო დროის სხვა სახის გაცდენის თაობაზე აკმაყოფილებს პერსონალის ზეპირ ან წერილობით განცხადებას – სამსახურებრივ ბარათს, აღნიშნული დრო მიიჩნევა საპატიოდ.
  3. სამუშაოზე   არასაპატიოდ   დაგვიანების   ან/და   სამუშაოს   არასაპატიოდ გაცდენის შემთხვევებში, უნივერსიტეტი უფლებამოსილია გამოიყენოს დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
  4. სამუშაოზე არასაპატიოდ დაგვიანებად და სამუშაოს არასაპატიოდ გაცდენად არ ჩაითვლება პერსონალის მიერ სამუშაო დროს სამსახურებრივი მოვალეობების უნივერსიტეტის შენობის გარეთ შესრულება, რაც გამოწვეული იყო შესასრულებილი სამუშაოს სპეციფიკით და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
  5. გაცდენილი სამუშაო დრო, არასაპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში, არ ანაზღაურდება.

მუხლი 9. პედაგოგის სამსახურში გამოცხადების რეგულირების წესები და გამოუცხადებლობის შედეგები.

  1. პედაგოგი სასწავლო პროცესს წარმართავს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატის მიერ დადგენილი მეცადინეობის ,,ცხრილის’’ შესაბამისად. პედაგოგის მიერ აღნიშნული ცხრილით დადგენილი სამუშაო გრაფიკის ერთჯერადად ან გარკვეული პერიოდით შეცვლა დასაშვებია პედაგოგის სათანადო განცხადებაზე ფაკულტეტის დეკანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
  2. პედაგოგის მიერ მეცადინეობის გაცდენის თითოეულ ფაქტზე მონიტორინგის ჯგუფის წევრი/წევრები ადგენენ წერილობით ოქმს, რომელშიც ფიქსირდება პედაგოგის სახელი და გვარი, ფაკულტეტის დასახელება, გაცდენილი აკადემიური საათი. ოქმის ჩანაწერის სისწორე დასტურდება შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფის წევრის/წევრების ხელმოწერით. ოქმი შედგენიდან ერთი კვირის განმავლობაში დეკანის მიერ გადაეცემა რექტორს.
  3. დეკანის მოთხოვნის შემთხვევაში პედაგოგი ვალდებულია სამი კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს დეკანს წერილობითი განმარტება ლექციის გაცდენის მიზეზის შესახებ.
  4. პედაგოგი ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული გაცდენილი მეცადინეობის აღდგენა მიმდინარე სემესტრის განმავლობაში.
  5. პედაგოგის მიერ თვის განმავლობაში მეცადინეობის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე რექტორი გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც დასაქმებულს სახელფასო ანაზღაურებიდან დაექვითება თვის განმავლობაში მისთვის ერთი მეცადინეობის ჩატარებისათვის მისაღები ანაზღაურების ოდენობის შესაბამისი თანხა თითოეული გაცდენილი მეცადინეობისათვის, ხოლო თვის განმავლობაში 10 მეცადინეობის გაცდენის შემთხვევაში რექტორი უფლებამოსილია შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება.
  6. პედაგოგის მიერ მეცადინეობის გაცდენა საპატიოდ ჩაითვლება ავადმყოფობის (ოჯახის წევრის ავადმყოფობის), ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სხვა საპატიო შემთხვევაში, რომელიც გამომდინარეობს უნივერსიტეტის ინტერესებიდან და დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.
  7. პედაგოგის მიერ მეცადინეობის გაცდენა საპატიოდ ჩაითვლება ასევე იმ შემთხვევაში, თუ იგი წინასწარ, მეცადინეობიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებით მიმართავს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანს, სადაც უნდა მიეთითოს გათავისუფლების ობიექტური მიზეზი.
  8. სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობაზე სტუდენტთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პედაგოგის მიერ მეცადინეობის გაცდენა ჩაითვლება საპატიოდ, თუ იგი პირველი 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა ამ მეცადინეობისათვის ცხრილით განსაზღვრულ აუდიტორიაში.
  9. ამ მუხლის მიზნებისათვის ,,პედაგოგი“ გულისხმობს აკადემიურ პერსონალს, მასწავლებლებელსა და სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეული სპეციალისტს.

მუხლი 10. პერსონალის ვალდებულებები თანამდებობიდან გათავისუფლების,
სამსახურებრივ მივლინებაში ან შვებულებაში გასვლის დროს

  1. პერსონალი ვალდებულია თანამდებობიდან გათავისუფლების ბრაძანების გაცნობიდან არაუგვიანეს ათი დღის ვადაში უზრუნველყოს სამსახურთან დაკავშირებული და მისთვის მინდობილი დოკუმენტაციის შესაბამისი ელექტრონული ვერსიების ადგილსამყოფელის მითითებით და მისი პასუხისგებლობის ქვეშ არსებული ქონების (მატერიალური ფასეულობის), მათ შორის მის სახელზე რიცხული სამუშაო ოთახის გასაღების, მისი შემცვლელი პირისათვის ან აღნიშნული პირის არ არსებობის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელისათვის გადაცემა.
  2. პერსონალი ვალდებულია შვებულებაში გასვლამდე, ან სამსახურებრივ მივლინებაში გასვლამდე, უზრუნველყოს მასთან არსებული სამსახურებრივი ხასიათის დოკუმენტაციის გადაცემა მისი შემცვლელი პირის ან უშუალო ხელმძღვანელისათვის შესაბამისი ელექტრონული ვერსიების ადგილსამყოფელის მითითებით.
  3. პერსონალი ვალდებულია შვებულებაში გასვლის შესახებ წინასწარ შეუთანხმდეს უშუალო ხელმძღვანელს.

თავი III

პერსონალის მიერ ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის ვალდებულება

მუხლი 11. პერსონალის ვალდებულებები ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის სფეროში

  1. პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებს და ღირსებებს.
  2. პერსონალისათვის დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან პერსონალისა და უნივერსიტეტის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება) განურჩევლად იმისა, სად არის იგი ჩადენილი.
  3. დაუშვებელია სამუშაო ადგილზე ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში გამოცხადება.
  4. მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას პერსონალი ვალდებულია, დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები, წარუდგინოს მათ საკუთარი თავი და დაკავებული თანამდებობა, იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი.
  5. პერსონალი ვალდებულია, როგორც სამსახურებრივი ურთიერთობებისას, ისე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, არ გაავრცელოს, ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოება, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით.
  6. პერსონალს, აგრეთვე, მოეთხოვება დაიცვას სხვა შეზღუდვები, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ გათვალისწინებულია სხვა სამართლებრივი აქტებით.

თავი IV

შვებულება

მუხლი 12. შვებულების ხანგრძლივობა

  1. უნივერსიტეტის პერსონალს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
  2. უნივერსსიტეტის პერსონალს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
  3. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს თანამშრომლის მდგომარეობას.

მუხლი 13. შვებულების მიცემის წესი

  1. უნივერსიტეტის პერსონალს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. თანამშრომელს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
  2. მუშაობის მეორე წლიდან უნივერსიტეტის პერსონალს, მხარეთა შეთანხმებით, შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს.
  3. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
  4. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
  5. აკადემიური პერსონალს, მასწავლებლებსა და სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეულ სპეციალისტებს შვებულება მიეცემა საზაფხულო არდადეგების პერიოდში. ამ პუნქტით გათვალსწინებულ თანამშრომლებს მხარეთა შეთანხმებით, შვებულება შეიძლება მიეცეთ სამუშაო წლის ნებისმიერ დროს.
  6. ადმინისტრაციული პერსონალის შვებულება ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

მუხლი 14. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას უნივერსიტეტის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება

ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას პერსონალი ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს რექტორი ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

მუხლი 15. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობა

  1. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი, აგრეთვე დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დრო.
  2. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში არ ითვლება დასაქმებულის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის ან 7 სამუშაო დღეზე მეტი ხნით ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დრო.

მუხლი 16. ანაზღაურებადი შვებულების გადატანის გამონაკლისი შემთხვევები

  1. თუ პერსონალისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, პერსონალის თანხმობით, დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.
  2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

მუხლი 17. საშვებულებო ანაზღაურება

  1. უნივერსიტეტის პერსონალის ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან, ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

 

თავი V
შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო,
შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო

მუხლი 18. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

  1. უნივერსიტეტის პერსონალს თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო - 730 კალენდარული დღის ოდენობით.
  2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.
  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება პერსონალს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

მუხლი 10. შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო

პერსონალს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო – ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

მუხლი 20. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურება

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.

მუხლი 21. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურება

  1. უნივერსიტეტის პერსონალს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.
  2. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.

თავი VI

წახალისების ფორმები

მუხლი 22. პერსონალის წახალისების ფორმები

1. სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის, ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ერთჯერადი ფულადი ჯილდო (პრემია);

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება.

2. შეიძლება, ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

თავი VII

დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი 23. უნივერსიტეტის პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით, სხვა სამართლებრივი აქტებით და შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინის დარღვევისათვის ადმინისტრაცია იყენებს შემდეგ ზომებს:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) ხელფასის დაქვითვა, არუმეტეს 10 სამუშაო დღისა;

ე) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

2. წინამდებარე შინაგანაწესით გათვალისიწინებული პირობების დარღვევად, აგრეთვე მიიჩნევა:

ა) სტუდენტის ცოდნის არაობიექტური შეფასება;

ბ) უნივერსიტეტის პერსონალისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა;

გ) უნივერსიტეტში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობა ან მის შესრულებაში სხვებისთვის ხელის შეშლა;

დ) უნივერსიტეტის პერსონალისთვის შეურაცხყოფის მიყენება;

ე) უნივერსიტეტისათვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის პირადი მონაცემების არასწორი მიწოდება;

ვ) სილაბუსის არწარდგენა დადგენილ ვადებში ან მისი შინაარსიდან არსებითი გადახვევა;

ზ) ლექციაზე პოლიტიკური აგიტაცია;

თ) უნივერსიტეტის თანამშრომელთა ან სტუდენტთა მიმართ ცილისწამება;

ი) უნივერსიტეტის პრესტიჟის ხელყოფა;

კ) საზოგადოებაში აღიარებული ზნეობრივი ნორმების დარღვევა.

3. დისციპლინური სახდელის დადებამდე გათვალისწინებულ უნდა იქნას ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, მათი ჩადენის გარემოებები, გადაცდომის ჩამდენის დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, პერსონალის წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა.

4. დისციპლუნური სახდელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება. შვებულებაში ან მივლინებაში მყოფი პირის დისციპლინური დასჯა ხდება მისი გამოცხადების შემდეგ. სახდელის დასადებად უნდა შეიქმნას კომისია, რომლის დასკვნის შემდეგ განიხილება საკითხი.

5. უნივერსიტეტი დისციპლინურ სახდელს იყენებს გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან, თანამშრომლის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის პერიოდის ჩაუთვლელად.

7. შრომის დისციპლინის ყოველი დარღვევისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

8. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გადაეცემა დაინტერესებულ პირს დადგენილი წესით.

მუხლი 24. უნივერსიტეტის სტუდენტების დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებითა და სამართლიანი პროცედურის გზით.

2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, სასწავლო უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას.

3. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

4. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) მიაწოდოს სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

5. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და ეთიკის კოდექსითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს ფაკულტეტის საბჭომ.

6. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

7. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შესაძლებელი სანქციები და მისი გამოყენების საკითხები განისაზღვრება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით.

თავი VIII

შრომის დაცვის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაცვის ზოგადი ინსტრუქციები

მუხლი 25. შრომის დაცვა

  1. შრომის დაცვაში იგულისხმება ტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და სამართლებრივი ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიმართულია შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად.
  2. უნივერსიტეტი ზრუნავს პერსონალისათვის საქართველოს შრომის კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნაზე, ყველა სამუშაო ადგილის სათანადო ტექნიკურ მოწყობასა და ისეთი პირობების შექმნაზე, როგორიც უზრუნველყოფს შრომის დაცვის წესებს (უსაფრთხოების ტექნიკის წესებს, სანიტარულ ნორმებსა და წესებს და ა.შ.)
  3. უნივერსიტეტის შენობაში აკრძალულია თამბაქოს მოწევა სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა.

მუხლი 26. პასუხისმგებლობა შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის

შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის პერსონალს ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი დისციპლინური, ადმინისტრაციული, მატერიალური, ან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

თავი IX

ხელფასის გაცემა

მუხლი 27. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი

  1. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირის განმავლობაში.
  2. უნივერსიტეტი იხსნის პასუხისმგებლობას საბანკო სისტემებში წარმოქმნილი მიზეზებით ხელფასის გაცემის შეფერხებებზე და ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.
  3. ხელფასი გაიცემა ბანკში პირად ანგარიშზე გადარიცხვით.
  4. საბანკო დაწესებულებას განსაზღვრავს უნივერსიტეტი.

თავი X

სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანებათა თანამშრომლებამდე გადაყვანის წესი

მუხლი 28. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება

პერსონალის მიმართ სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანების გაცემის უფლება აქვს უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 29. ინდივიდუალური ხასიათის ბრძანების გაცნობის წესი

სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, რომელიც ინდივიდუალური ხასიათისაა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებულ პირს გადაეცემა პერსონალურად, ან ფოსტის მეშვეობით. ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, ყოველგვარი საზღაურის გადახდის გარეშე, უნივერსიტეტში მიიღოს ამ ბრძანების ასლი.

თავი XI

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 30. შინაგანაწესის დადგენისა გაცნობის წესი

  1. შინაგანაწესს შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
  2. დამტკიცებამდე ერთი კვირით ადრე, შინაგანაწესი, აგრეთვე მასში ნებისმიერი ცვლილების პროექტი წარედგინება უნივერსიტეტის თანამშრომლებს მისი გაცნობის, მასში შენიშვნებისა და წინადადებების შეტანის მიზნით.
  3. წინადადებები და შენიშვნები არ არის სავალდებულო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გამომდინარეობენ კანონმდებლობიდან.
  4. შინაგანაწესი გამოიკვრება უნივერსიტეტში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. ამასთან უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია, სამსახურში მიღებისას პერსონალს გააცნოს იგი ხელწერილის ჩამორთმევით და აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს დაინტერესებული პირისათვის მისი გაცნობის შესაძლებლობა.

მუხლი 31. შინაგანაწესის ძალაში შესვლა

შინაგანაწესი ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით მისი საჯარო გამოცხადებიდან - უნივერსიტეტში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას ღიად განთავსებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

მუხლი 32. პასუხისმგებლობა შინაგანაწესის ნორმების დარღვევისათვის

პერსონალის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია პერსონალის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

მუხლი 33. შინაგანაწესში ცვლილებების ან დამატებების შეტანა

შინაგანაწესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა წარმოებს დადგენილი წესით.