სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი



სსიპ- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

მუხლი 1. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

1. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტის) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველს საქართველოს მოქალაქეებისათვის წარმოადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა;
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველს წარმოადგენს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შედეგები.
3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველს წარმოადგენს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შედეგები.
4. მაგისტრატურის საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველს წარმოადგენს საერთო სამაგისტრო გამოცდების და შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგები;
5. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტების შედეგები;
6. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირებს სტუდენტის სტატუსი მიენიჭებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვა

1. უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. მობილობის წესით სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში მიმღები ფაკულტეტის წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილებით დგინდება სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიერ ათვისებული პროგრამისა და სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის თავსებადობა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი კრედიტების აღიარების წესით აღიარებული კრედიტების საფუძველზე განისაზღვრება სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპი;
3. უნივერსიტეტში მობილობის წესით სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში მისი სწავლის გადასახადი განისაზღვრება იმ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურით, რომელზეც იგი გააგრძელებს სწავლას.

მუხლი 3. შიდა მობილობა

1. უნივერსიტეტის სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია შიდა მობილობით შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა;
2. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს იმ პირსაც, რომელსაც შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსი სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში;
3. შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი/პროფესიული განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში;
4. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი/პროფესიული განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
5. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.
6. შიდა მობილობის გამოცხადებასთან ერთად უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განისაზღვრება ვაკანტური ადგილები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.
7. აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება შიდა მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
8. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის პროფესიული სტუდენტები, რომელთა პროფესიული ტესტირების შედეგები აღემატება შიდა მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
9. თუ ბოლო საკონკურსო ადგილზე ერთნაირი შედეგებით გასულია ორი ან მეტი სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი, ისინი საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების გადაჭარბებით.
10. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები, აგრეთვე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, შიდა მობილობით საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების რაოდენობის გადაჭარბებით.
11. შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის კრედიტების აღიარება ხორცილდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით.
12. შიდა მობილობით სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის გადაყვანა ფორმდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
13. უნივერსიტეტში შიდა მობილობის წესით სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში მისი სწავლის გადასახადი განისაზღვრება იმ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურით, რომელზეც იგი გააგრძელებს სწავლას.

მუხლი 4. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება

1. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
გ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
დ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის უუნარობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში;
ე) ორსულობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობა;
ვ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულაბაში სწავლა;
ზ) სტუდენტის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნებაყოფლობითი მოხდის სურვილის შემთხვევაში სტუდენტის სამხედრო სამსახურში გაწვევა, რომელიც გამორიცხავს სასწავლო პროცესში მონაწილეობას;
თ) კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილ ვადაში პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა, თუ სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი არ გამოიყენებს ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებას.
2. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი, გარდა კანონდმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;

მუხლი 5. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

1. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ხუთ წელზე მეტი ხნით სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე
დ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც გამორიცხავს სასწავლო პროცესში მონაწილეობას;
ე) უხეში დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ;
ვ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით;
ე) ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე;
ვ) გარდაცვალება;
ზ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა.
2. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი დგება ბრძანების გამოცემიდან 12 თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით და გადავიდეს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
3. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა და შეუწყდა სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსი, ეძლევა სათანადო მოწმობა.

მუხლი 6. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა

  1. 2010 წლის 5 თებერვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს უნივერსიტეტს სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. 
  2. უნივერსიტეტიდან გარიცხული სტუდენტის აღდგენის შემთხვევაში, სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპი და სწავლის გადასახადი განისაზღვრება მობილობის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, სტუდენტის მიერ ამორიცხვამდე ათვისებული პროგრამის აკადემიური ცნობის საფუძველზე;
  3. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, იმ პირთათვის, რომელთაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსი, სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპი და სწავლის გადასახადი განისაზღვრება მობილობის წესით სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიერ სტატუსის შეჩერებამდე ათვისებული პროგრამის აკადემიური ცნობის საფუძველზე. 


მუხლი 7. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სასწავლო დატვირთვა

  1. სასწავლო წელი შედგება შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისაგან;
  2. სასწავლო წლის დაწყებამდე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დადგენილებით განსაზღვრავს ადმინისტრაციული რეგისტრაციის, სააუდიტორიო მეცადინეობებისა და საგამოცდო პერიოდის ვადებს;
  3. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60-65 კრედიტს;
  4. უნივერსიტეტის სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიერ ერთი სემესტრის განმავლობაში ათვისებული კრედიტების ზღვრული მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 კრედიტს, ხოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ათვისებული კრედიტების ზღვრული მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს.
  5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, კრედიტების განაწილებისა და პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობის (დატვირთვის) წესი განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტით ან/და მოდულით.

მუხლი 8. აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია

1. სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად უნივერსიტეტის სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი ყოველ სემესტრში ვალდებულია გაიაროს აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადებში.
2. აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სასწავლო კურსებზე/მოდულებზე დარეგისტრირებას და სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებას.
3. სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებამდე გაიაროს კვალიფიციური კონსულტაცია ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში. სტუდენტს შეუძლია გამოიყენოს სასწავლო პროცესის მართვის სისტემა, რაც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევანის გამჭვირვალობას.
4. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა გამოხატავს სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მზაობას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში - აითვისოს სასწავლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტები და გულისხმობს სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ გადახდას უნივერსიტეტში დადგენილი წესების დაცვით.
5. სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს (გარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტისა) უფლება აქვს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს გადახდილი თანხის დაბრუნების, ან მისი მომდევნო სემესტრებში გამოყენების მოთხოვნის უფლებას.
6. აკადემიური რეგისტრაციის გაუქმების ან არჩეული საგნის შეცვლის მოთხოვნა დასაშვებია სასწავლო პროცესის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, რის შემდეგაც დაუშვებელია მომსახურების მიუღებლობის მოტივით გადახდილი თანხის დაბრუნების ან მისი მომდევნო სემესტრებში გადატანის მოთხოვნა;
7. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის თვითნებური მონაწილეობა სასწავლო პროცესში არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს მიღებული მომსახურების (შუალედური შეფასებების) აღიარება, თუ ეს სასწავლო კურსი არ არის ასახული სასწავლო ხელშეკრულებაში.

მუხლი 9. სწავლის სემესტრული გადასახადი

1. უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასური საგანმანათლებლო პროგრამისა და სწავლების წლის მიხედვით განისაზღვრება, როგორც უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წლიური გადასახადის ნახევარი და იგი სტუდენტმა/პროფესიულმა სტუდენტმა უნდა გადაიხადოს ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისი შესაძლოა დადგინდეს რექტორის ბრძანებით.
2. თუ სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის აკადემიური რეგისტრაციით (სასწავლო ხელშეკრულებით) გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა მოცემულ სემესტრში განსხვავდება 30 კრედიტისგან, სემესტრული გადასახადი დგინდება კრედიტის რაოდენობის და საგანმანათლებლო პროგრამის წლიური საფასურის საფუძველზე და განისაზღვრება თანაფარდობით:
გადასახადი=(საგანმანათლებლო პროგრამის წლიური საფასური) / 60 x (კრედიტების რაოდენობა)
3. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტმა სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის რეალურ საფასურს შორის სემესტრული სხვაობა უნდა დაფაროს ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;
4. პირმა, რომელსაც შეუჩერდა სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსი, სტატუსის აღდგენის შემთხვევაში უნდა განაახლოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან. მისი სწავლის გადასახადი ასეთ შემთხვევაში განისაზღვრება იმ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურით, რომელზეც იგი გააგრძელებს სწავლას;
5. უნივერსიტეტში მობილობის/შიდა მობილობის/აღდგენის წესით სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში მისი სწავლის გადასახადი განისაზღვრება იმ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურით, რომელზეც იგი გააგრძელებს სწავლას.

მუხლი 10. სწავლის ვადის გაგრძელება
1. სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვა შესაბამისი კვალიფიკაცია, უფლება ეძლევა სწავლის ვადის გაგრძელებისა და თვითდაფინანსების გზით დაასრულოს სასწავლო პროგრამა.
2. სწავლის ვადის გაგრძელების მიზნით სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში, შესაბამისი განცხადებით მიმართავს ფაკულტეტის დეკანს, რომელიც სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის მიერ ათვისებული პროგრამის აკადემიური ცნობის საფუძველზე განსაზღვრული სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპისა და დარჩენილი კრედიტების შესახებ მონაცემებს წარუდგენს რექტორს შესაბამისი ბრძანების გამოცემის მიზნით.
3. სწავლის ვადის გაგრძელების შემთხვევაში სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის გადასახადი განისაზღვრება იმ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურით, რომელზეც იგი გააგრძელებს სწავლას.

მუხლი 11. სემესტრული შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის ჩატარების წესი

1. სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ სასწავლო კურსების სემესტრულ შუალედურ შეფასებებსა და დასკვნით გამოცდებში, რომელიც შეტანილია მის სასწავლო ხელშეკრულებაში.
2. სასწავლო კურსის სილაბუსში მიეთითება, თუ რომელ სასწავლო კვირაში ჩატარდება თითოეული შუალედური შეფასება და დასკვნითი გამოცდა.
21. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, მოდულის თითოეული შედეგის შეფასების თარიღი განისაზღვრება ინდივიდუალური გეგმით.
3. შეფასების იმ კომპონენტთა კონკრეტულ თარიღებს, რომელსაც ატარებს უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი, განსაზღვრავს საგამოცდო ცენტრის უფროსი ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით, ხოლო შეფასების დანარჩენი კომპონენტების თარიღებს განსაზღვრავს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი.
4. დანიშნულ შუალედურ შეფასებაზე ან დასკვნით გამოცდაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით ან გამოცხადება და მისი მსვლელობისას აუდიტორიის დატოვება, სხვისი ნაშრომის ან დაუშვებელი ჩანაწერების (ე.წ. “შპარგალკა”) გამოყენება, აუდიტორიიდან გაძევება შინაგანაწესის დარღვევის გამო იწვევს შეფასების მოცემულ კომპონენტში 0 ქულით შეფასებას.
5. სემესტრული შუალედური შეფასების ან/და დასკვნითი გამოცდის შედეგი სტუდენტისათვის/პროფესიული სტუდენტისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეფასების ან/და გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა.
6. სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს, რომელიც არ ეთანხმება შეფასების ან/და გამოცდის შედეგს, უფლებამოსილია, შეფასებიდან ან/და გამოცდიდან არაუგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა დასაბუთებული საჩივრით მიმართოს ფაკულტეტის დეკანს და მოითხოვოს შედეგის გადასინჯვა. საჩივარი განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი უთითებს:
ა) პროცედურულ დარღვევებზე;
ბ) შეფასების დადგენილი სისტემის უგულვებელყოფაზე.
7. ფაკულტეტის დეკანის მიერ შექმნილი საპრეტენზიო კომისია საჩივრის მიღებიდან 2 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
8. დაუშვებელია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების მომჩივანის საუარესოდ შეცვლა.
9. დანიშნული შუალედური შეფასების ან დასკვნითი გამოცდის საპატიო მიზეზით გადავადება მიმდინარე სემესტრის ფარგლებში შესაძლებელია ფაკულტეტის დეკანის განკარგულებით სტუდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიაც უნდა მიეთითოს გადავადების საპატიო საფუძველი.
10. ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ სტუდენტისათვის/პროფესიული სტუდენტისათვის გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფო ან უნივერსიტეტის ინტერესი, ან როდესაც დასტურდება გამოცდაზე გამოცხადების ფიზიკური შეუძლებლობა. გადაწყვეტილებას საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნის თაობაზე დეკანის წარდგინების საფუძველზე იღებს უნივერსიტეტის რექტორი.
11. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს შეუძლია მოდულის დადასტურება პროგრამის განმავლობაში.

მუხლი 12. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტის მიღწევების შეფასების წესი
უნივერსიტეტის სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება ხორციელდება შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
1. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება პროგრამის თითოეულ კომპონენტში უნდა მოიცავდეს შუალედურ და დასკვნით შეფასებას.
2. შეფასების თითოეულ ფორმასა და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) უნდა განესაზღვროს ხვედრითი წილი (შესაძლებელია, გამოსახული იყოს პროცენტებში) საბოლოო შეფასებაში და შესაბამისი ინფორმაცია უნდა აისახოს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის სილაბუსში.
3. დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
4. შეფასების თითოეული ფორმა მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც მოიცავს შეფასების მეთოდს/მეთოდებს, ხოლო შეფასების მეთოდი/მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით.
5. შეფასების კომპონენტი, მეთოდი და კრიტერიუმი ადეკვატური უნდა იყოს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტით განსაზღვრული და მისაღწევი სწავლის შედეგების შეფასებისთვის.
6. შეფასების თითოეულ ფორმაში განსაზღვრული უნდა იყოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც უნდა აისახოს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის სილაბუსში. შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრისა და დასკვნითი შეფასების მაქსიმალური ქულის ჯამი არ უნდა იყოს 51 ქულაზე ნაკლები, ხოლო დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.
7. საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება უნდა დასრულდეს იმავე სემესტრში, რომელშიც იგი ხორციელდებოდა.
8. შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
9. საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა უნდა დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის მიმართ.
10. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.
11. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.
12. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.
13. სამაგისტრო ან სხვა სამეცნიერო პროექტი/ნაშრომი უნდა შეფასდეს ერთჯერადად (დასკვნითი შეფასებით) იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც სტუდენტი დაასრულებს მასზე მუშაობას. შეფასებისას გამოყენებული უნდა იყოს შედეგის შეფასებისთვის რელევანტური მეთოდი/მეთოდები და კრიტერიუმები.
14. სამაგისტრო ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის შეფასება ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სისტემით.
15. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტისათვის ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტს უფლება ეძლევა გადამუშავებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი წარადგინოს მომდევნო სემესტრის განმავლობაში, ხოლო ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტი კარგავს იგივე სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის წარდგენის უფლებას.

მუხლი 13. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების წესი

1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.
2. შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51–60%;
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
3. სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
4. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:
ა) შუალედურ შეფასებას;
ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.
5. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.
6. შეფასების კომპონენტები და მათი ხვედრითი წილი წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული კურსის სილაბუსში და უნდა ეცნობოს სტუდენტს სემესტრის დასაწყისში.
7. შეფასების მეთოდები უნდა უზრუნველყოფდეს სილაბუსით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის შეფასებას.

მუხლი 131. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების წესი
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების წესი განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტით ან/და მოდულით.
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
3. განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
4. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
5. განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება პროგრამის დასრულებამდე.
6. შეფასების მიმართულებები და შეფასების ინსტრუმენტების ალერნატიული ჩამონათვალი მოცემულია შესაბამის მოდულში.

მუხლი 14. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობები

1. უნივერსიტეტის სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება და მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში;
ბ) ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო ფონდით, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
გ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე და მოითხოვოს სასწავლო კურსების სილაბუსები;
დ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები;
ე) მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია უფლებამოსილი პირისაგან საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების და გამოცდების ჩატარების ვადებისა და ფორმატის თაობაზე;
ვ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური/მასწავლებელთა პერსონალის მუშაობის და სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მომსახურების შეფასება.
ზ) საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადებსა და დაფინანსების (სემესტრული გადასახადის) ფარგლებში შეფასების გაუმჯობესების მიზნით განმეორებით მოისმინოს ცალკეული სასწავლო კურსები სემესტრულ სამუშაო ნორმად დადგენილი კრედიტების ოდენობით. ამ შემთხვევაში სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს სასწავლო კურსის შეფასებად უფიქსირდება უკეთესი შედეგი.
2. უნივერსიტეტის სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესი და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;
ბ) დაიცვას და შეასრულოს უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების პირობები;
გ) გაიაროს აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სწავლის სემესტრული საფასური დადგენილ ვადებში;
დ) ერთი თვის ვადაში აცნობოს შესაბამისი ფაკულტეტის საქმის მწარმოებელს პირად ბარათში მითითებული ინფორმაციის ცვლილებებზე;
ე) დაიცვას ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები;
ვ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის კუთვნილ ქონებას;
3. სტუდენტისათვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული ქმედებები;

მუხლი 15. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა ან გაუქმება

  1. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ასეთი პროგრამის სტუდენტებისათვის/პროფესიული სტუდენტებისათვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აღნიშნულ პროგრამასთან თავსებად საგანმანათლებლო პროგრამაზე მათი გადაყვანის გზით მანამდე მოპოვებული კრედიტების აღიარებით;
  2. თუ უნივერსიტეტში არ ხორციელდება გაუქმებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადი საგანმანათლებლო პროგრამა, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაუქმებული საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების შეთანხმების გაფორმებას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენას.


მუხლი 16. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ნიშნის (ე. წ. GPA-ს) დაანგარიშების წესი

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ნიშნის (ე. წ. GPA–ს) დაანგარიშება ხდება შემდეგი წესის მიხედვით:

  1. უნივერსიტეტის 2010 წლამდე კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ნიშნის (ე. წ. GPA (grade point average)–ს) დაანგარიშებას ახორციელებს სასწავლო პროცესის მართვის სამსახური კურსდამთავრებულის პირადი განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კურსდამთავრებულის დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები. 
  2. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ნიშნის დასაანგარიშებლად სტუდენტის მიერ მიღებული შეფასებების შესაბამისობის დადგენა GPA–სთან ხორციელდება ქვემოთ წარმოდგენილი პრინციპით:

შეფასების 100 ქულიანი სისტემის შემთხვევაში:

შეფასება

ქულობრივი მაჩვენებელი

GPA

A

91 - 100

4.0

B

81 - 90

3.0

C

71 - 80

2.0

D

61 - 70

1.0

E

51 - 60

0.5

F - FX

0 - 50

0


შეფასების 5 ქულიანი სისტემის შემთხვევაში:

შეფასება

ქულობრივი მაჩვენებელი

GPA

A

5

4.0

B

4

2.5

C

3

1.0

D

2

0

E

1

0

        3. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის დიპლომის საშუალო ნიშნის                         (GPA) დაანგარიშება ხდება დიპლომის დანართში მოცემული                                      ინფორმაციის საფუძველზე შემდეგი წესის მიხედვით:

        ა) სტუდენტის მიერ თითოეულ სასწავლო კურსში მიღებული შეფასების ქულა                მრავლდება ამ კურსის კრედიტების რაოდენობაზე;

        ბ) ამგვარად მიღებულ ნამრავლთა ჯამი იყოფა ყველა სასწავლო კურსის                          კრედიტების საერთო რაოდენობაზე;
        გ) მიღებული სიდიდე წარმოადგენს დიპლომის საშუალო ქულას (GPA).

       4. დიპლომის საშუალო ნიშნის (GPA) დაანგარიშებისას მხედველობაში არ                      მიიღება „ჩათვლები“, ანუ ის შეფასებები, რომლებსაც არ აქვს ქულობრივი                   მაჩვენებელი.

მუხლი 17. კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომი

  1. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია.
  2.  წარჩინების დიპლომი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის დიპლომის საშუალო ნიშანი (ე. წ. GPA) შეადგენს არანაკლებ 3,5-ს.
  3. აკადემიურ ხარისხს ადასტურებს უნივერსიტეტის რექტორისა და ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული დიპლომი სტანდარტული დანართითურთ; 
  4. პროფესიულ კვალიფიკაციას ადასტურებს უნივერსიტეტის რექტორისა და ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული პროფესიული დიპლომი.
კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებული შეხვედრა

2019 წლის 21 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო...

21 თებერვალი, 2019 სრულად ნახვა

ბუნების სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიება

2019 წლის 21 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს სტუმრად ეწვივნენ გორში არსებული ამერიკის...

21 თებერვალი, 2019 სრულად ნახვა