Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის გახსნა

30 სექტემბერი,2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს და რეგიონის საჭიროებებს მოემსახურება. მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერების მხარდაჭერის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შევიკრიბეთ – გავხსენით Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი.
მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა – განახლდა და გაძლიერდა Horizon Europe-ის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს.
ასევე მსურს გაცნობოთ, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.
მიღწეულია შეთანხმება, რომ Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებით და უფლებებით, რითაც სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები“.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ გორის უნივერსიტეტს მალე ბიბლიოთეკის ახალი შენობის ექნება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს და სტუდენტებს სწავლისათვის კომფორტულ პირობებს შეუქმნის. ახალ შენობაში განთავსდება ახალგაზრდული ცენტრი, სადაც სტუდენტების მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო შინაარსის ღონისძიება ჩატარდება და სტუდენტურ ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორის გიორგი სოსიაშვილის წიგნის „სამაჩაბლოს ისტორია შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია“ (დიდი ლიახვის ხეობა) პრეზენტაცია, რომელიც რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა.
მიხეილ ჩხენკელმა გორის უნივერსიტეტის რექტორს ახალი წიგნის შექმნა მიულოცა, ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობა უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში მიმდინარე პროცესებისა და არსებული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერა სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით რუსთაველის ფონდი არაერთ საგრანტო კონკურსს ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრანტო ოფისები უკვე მოწყობილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში.
Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ევროკავშირის კონკურსების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არამედ ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადის მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში. მნიშვნელოვანია, შეიქმნას და განხორციელდეს სამეცნიერო პროექტები ევროკავშირის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რაც მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
გორის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ჯაბა სამუშია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლიტერატურულმა კაფემ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლიტერატურულმა კაფემ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა. ამჯერად ლიტერატურული კაფის მსმენელებს გაეცნო იტალიაში მოღვაწე...

22 ოქტომბერი, 2021 სრულად ნახვა

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული 2021

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Erasmus + CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის...

18 ოქტომბერი, 2021 სრულად ნახვა