
გორის N5 საჯარო სკოლაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების საჯარო ლექციები გაიმართა
22 მაისი,2025
2025 წლის 22 მაისს, სსიპ ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლაში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით გაიმართა საჯარო ლექციების სერია. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სკოლა-უნივერსიტეტი-საზოგადოების ეფექტიანი კავშირის ხელშეწყობა, თანამედროვე საგანმანათლებლო და სოციალურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეებისთვის პროფესიული მიმართულების არჩევაში მხარდაჭერა.
დღის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა შემდეგ თემატურ ლექციებში:
– პროფესორი თინათინ მშვიდობაძე — „ხელოვნური ინტელექტის როლი საგანმანათლებლო სივრცეში“.
ლექციაში განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია განათლების სფეროში, თანამედროვე ტენდენციები და ეთიკური გამოწვევები.
– პროფესორი ლალი ოსაძე — „მწვანე პოლიტიკა და მდგრადი განვითარების პრობლემები საქართველოში“.
საუბარი შეეხო გარემოსდაცვით პოლიტიკას, გლობალური კლიმატის ცვლილებებს და საქართველოს ეროვნული კონტექსტში მდგრადი განვითარების სტრატეგიებს.
– პროფესორი მაკა სოსანიძე — „მარკეტინგული კომუნიკაციების მნიშვნელობა საგანმანათლებლო სივრცეში“.
წარდგენილ იქნა განათლებისა და კომუნიკაციის ურთიერთკავშირი, სწორი გზავნილების როლი საგანმანათლებლო პროცესში და თანამედროვე კომუნიკაციური სტრატეგიების დანერგვის აუცილებლობა.
– პროფესორი ნანული ქოქაშვილი — „ადამიანური განვითარების ინდექსი საქართველოში და მსოფლიოში“.
მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანის განვითარების ინდექსის კომპონენტებზე, მისი ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან კავშირზე და საერთაშორისო რეიტინგების ანალიზზე.
საჯარო ლექციების ციკლი ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის თემატური ჰორიზონტების გაფართოებას და კრიტიკული აზროვნების განვითარების მხარდაჭერას.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალშიც განაგრძობს მსგავსი სახის საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერას.