შეხვედრა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენლებთან
07 აპრილი,2026მიმდინარე წლის 7 აპრილს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა შეხვედრა გამართა „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორთან ბატონ ზურაბ კერვალიშვილთან და ა(ა)იპ ფონდი საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან ქალბატონ ნინო ჩინჩალაძესთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ წარმომადგენელი მაიკო ჩიტაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი და განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფესორი ლელა ალექსიძე.
შეხვედრის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა“ და ააიპ ფონდი საერთაშორისო განათლების ცენტრს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს - სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსების კონკურსს: „სასწავლო - საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“.
აღნიშნული პროექტი განხორციელდება „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგების, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ ინოვაციური, მრავალფეროვანი და ელექტრონული სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსების შექმნის სტიმულირებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კონკურსი ხელს შეუწყობს საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენას, მათ პოპულარიზაციასა და სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურ ინტეგრაციას, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს სწავლა-სწავლების ხარისხს საგანმანათლებლო სივრცეში.
კონკურსის პირობებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში.