მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026
18 სექტემბერი,2026„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026-ის” ფარგლებში ა/წ 18 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 150 წლისთავს.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რექტორის მოადგილე, ბატონი ბურაბ ზურაბაშვილი და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს კონფერენციის მონაწილეებს და უსურვეს წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წარმოადგინეს: პროფესორებმა ვიანორ ახალაიამ, ლევან ბრეგაძემ, გიორგი გოგოლაშვილმა და თამაზ ხმალაძემ. პლენარულ სხდომაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა ბატონ თამაზ ხმალაძეს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა და ხანგრძლივი სამეცნიერო და შემოქმედებითი ღვაწლისთვის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საპატიო მედალი და დიპლომი გადასცა.
კონფერენციის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, კონფერენციის მონაწილეებთან და იდეის ავტორთან, პროფესორ გიორგი გოგოლაშვილთან ერთად, საზეიმოდ გახსნა „დედა ენის“ აუდიტორია. აღნიშნული სივრცე მიზნად ისახავს ქართული ენისა და მშობლიური მწერლობის პოპულარიზაციას, სასწავლო პროცესის შემოქმედებითად გამდიდრებასა და სტუდენტებისთვის კიდევ ერთი აკადემიური სივრცის შექმნას.
კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ ასამდე ავტორის/თანაავტორის მოხსენება შემდეგ სექციებში:
„განათლება“;
„მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები“;
„ბუნებისმეტყველება“;
„სპორტი“;
„ქართული ენა და ლიტერატურა“;
„უცხოური ენა და ლიტერატურა“;
„ისტორია“.