
საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“
19 ივლისი,202319 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“.
ფესტივალის მეორე დღე გახსნა ხელოვანმა თურქეთიდან, შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დირექტორმა, მწერალმა და ფოტოგრაფმა, ესმა ალა თურქმენმა, რომელმაც ისაუბრა ფოტოგრაფიისა და მწერლობის სინთეზზე. მოდერატორობას უწევდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, მთარგმნელი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ჰარუნ ჩიმქე.
შემდეგმა მონაწილემ, ცნობილმა ფოტოჟურნალისტმა გოგა ჩანადირმა გამართა მასტერკლასი „ფოტოგრაფია დამწყებთათვის“, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიას გააცნო ფოტოგრაფიის ძირითადი პრინციპები.
ღონისძიება გაგრძელდა ონლაინ რეჟიმში. მონაწილეებს იტალიიდან ჩაერთო მწერალი, ჟურნალისტი და გრაფიკული დიზაინერი, რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, რამდენიმე წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი, პროფესორი მარკო აკორდი რიკარდსი. მისი მოხსენების ძირითადი თემა იყო ,,ინტერაქტიული გამოცდილება: ხელოვნების ახალი ფორმის კულტურული იდენტობა (თარგმანის უზრუნველყოფა: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიკა ვანიშვილი).
მასტერკლასით ,,ხელოვნება, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების ინსტრუმენტი“, საზოგადოების წინაშე წარსდგა ცნობილი მომღერალი ბაიარ შაჰინი. ფესტივალის მეორე ნაწილი გაგრძელდა მისივე მუსიკალური ნომრებით.
დასასრულს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა შეაჯამა მეორე დღე და ფესტივალის მონაწილეებს გადასცა სპეციალური საჩუქრები.