სამაგისტრო ნაშრომის დაცვა
31 აგვისტო,2026მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა თამარ ქოქაშვილმა წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „საქართველო-ვატიკანის ურთიერთობების ისტორიიდან (XVII საუკუნის I ნახევარი – XIX საუკუნის I ნახევარი)“.
თამარ ქოქაშვილის სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელები აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი და ასოც. პროფ. დავით ახლოური გახლდნენ. განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ამ კვლევაზე მუშაობის პროცესი, რადგან საქართველოსა და წმინდა საყდრის ურთიერთობების ისტორია ჩვენი ქვეყნის წარსულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მრავალი მიმართულებით ჯერ კიდევ საკვლევი საკითხია. ამ ურთიერთობების შესწავლა საშუალებას გვაძლევს, უკეთ დავინახოთ არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური, დიპლომატიური, რელიგიური და კულტურული ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები, არამედ უფრო სრულად გავიაზროთ ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი კავშირები ევროპულ სამყაროსთან.
თამარ ქოქაშვილის ნაშრომში განხილულია საქართველო-ვატიკანის პოლიტიკური, დიპლომატიური, რელიგიური და კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები. კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი ვატიკანის Propaganda Fide-ს ისტორიულ არქივში დაცულ მასალას უკავშირდება. მათი შესწავლა, ამოკითხვა და აღწერა განხორციელდა პროექტის „ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების სამეცნიერო კვლევა“ ფარგლებში, რომელიც თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.