გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის სკოლა გაიხსნა
06 მარტი,2023მიმდინარე წლის 6 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
სკოლის მონაწილეებს და მოწვეულს სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მან აღნიშნა, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მდიდარი გამოცდილება აქვს ჰუმანიტარული მეცნიერებების სწავლებისა და კვლევის მიმართულებით. 2022 წელს უნივერსიტეტის მიერ სტატუსის ამაღლების შემდეგ, ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის დაფუძნება განსაკუთრებულ, კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად გვევლინება უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების ინტერნაციონალიზაციისა და საერთო ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.
სკოლის მონაწილეებს და მოწვეულს სტუმრებს ასევე მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი ზაზა მარუაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის კოორდინატორი, ქალბატონი თათია მთვარელიძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი მურად მთვარელიძე და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა თანდაშვილი.
პროექტი „სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში“ ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სეზონური სკოლის ჩატარებას დიგიტალურ ჰუმანიტარიაში, რომელიც საშუალებას მისცემს სკოლის მონაწილეებს გაეცნონ დიგიტალური ჰუმანიტარიის ჩამოყალიბების ისტორიას, არსსა და საფუძვლებს და მიიღონ ცოდნა დიგიტალური ჰუმანიტარიის ძირითად მიმართულებებში. გარდა თეორიული ცოდნის შეძენისა, ზამთრის სკოლის პროგრამა ასევე მოიცავს პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას, ქართული ენისათვის შექმნილი ტექნოლოგიების გაცნობასა და მათი გამოყენების უნარ-ჩვევების შეძენას.