იტალიური ენის 23-ე კვირეული
22 ოქტომბერი,202316-22 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის 23-ე კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. კვირეულის მიზანია უცხოეთში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია.
20 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა იტალიური ენის მსოფლიო კვირეულს და უმასპინძლა იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ენრიკო ვალვოს.
ფესტივალი გახსნა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბატონ ელჩს, მისი საქართველოში მოღვაწეობისთვის, გორის უნივერსიტეტში იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის შექმნის პროცესში აქტიური ჩართულობისა და უნივერსიტეტის მხარდაჭერისათვის.
საკუთარ გამოსვლაში იტალიის ელჩმა ხაზი გაუსვა ქართულ-იტალიური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას და თანამშრომლობას იტალიის საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან.
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს: გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ და გორის უნივერსიტეტის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ჯიჯავამ.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ ისაუბრა უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ იოსებიძემ.
სტუმრების ინტერესი გამოიწვია დაწყებითი განათლების მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის ქეთი მინდიაშვილის ნამუშევრების გამოფენამ.
გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და გამოფენა მოაწყო გორის #8 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ედიშერაშვილმა და პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეების ჩართულობით პროექტი განხორციელდა გორის უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიური მხარდაჭერით.
ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „გორი“, ლოტბარი გიორგი საძაგლიშვილი და მომღერალი დავით დარბაიძე.