ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონისა და ქართულ-ოსურ-რუსულ ინგლისური და ოსურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური სასაუბროს პრეზენტაცია გორის სახელმწიფო უნივერსიტერტში
09 თებერვალი,2023
2023 წლის 9 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონისა და ქართულ-ოსურ-რუსულ ინგლისური და ოსურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური სასაუბროს პრეზენტაცია. წიგნები გამოქვეყნდა EUMM-ის მხარდაჭერით.
ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამშვიდობო რესურსებია ქართველებისა და ოსებისათვის.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც მიესალმა სტუმრებს, მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ ამ წიგნებს აქვს დიდი სამომავლო დანიშნულება, რადგან ქართულ-ოსური ურთიერთობები სწორედ განათლებისა და მშვიდობის გზით უნდა განვითარდეს. მომავალი ურთიერთობები ქართველებსა და ოსებს შორის დამოკიდებულია ასეთ ნაშრომებზე, სადაც იკვეთება ურთიერთპატივისცემა, საერთო ღირებულებები, როგორიც არის იდენტობის უმთავრესი ნიშანი - ენა.
პროფესორმა ნაირა ბეპიევმა, ლექსიკონების ავტორმა და შემდგენელმა, ა(ა)იპ „კავკასიური მოზაიკას“ ხელმძღვანელმა ისაუბრა ქართულ-ოსური ურთიერთობების თანამედროვე ეტაპზე, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონებისა და ოთხენოვანი სასაუბროს მნიშვნელობაზე ქართულ და ოსურ საზოგადოებაში.
პროფესორმა ნინო პოპიაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონისა და ოთხენოვანი სასაუბროს შექმნის ისტორია, ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც გამოვლინდა ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონების შექმნისას: ლექსიკოლოგიური, ენობრივი, გრამატიკული და სხვა საკითხები. ასევე, ყურადღება გაამახვილა ლექსიკონის სამშვიდობო დანიშნულებაზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, დაინტერესებული საზოგადოება.