პროექტის შესახებ

 

პატარა ლიახვის ხეობა ჯერ კიდევ უძველესი პერიოდიდან იყო დასახლებული. მისი ისტორიის კვლევა ყოველთვის იყო ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი,
ხეობის არაერთი სოფელი ადრეფეოდალურ პერიოდში ტბელთა წარჩინებულ გვარს ეკუთვნოდა, რასაც ადასტურებს მიერ აგებული ტაძრები და მათივე დაკვეთით შესრულებული ლაპიდარული წარწერები. ზოგიერთ სოფელში მამულები ჰქონდათ ფავლენიშვილებს, რომელთა საგვარეულოს ერთი შტო სოფელ ზემო ნიქოზში ცხოვრობდა. პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელზე არსებული სოფლები ე. წ. სავახტანგოში შედიოდა და საუფლისწულო მამულს წარმოადგენდა. ოდნავ მოგვიანებით, აღნიშნულ ხეობაში ქსნის ერისთავთა გავლენა გავრცელდა და ხეობის სოფლების უმეტესობა სწორედ მათი საკუთრება გახდა. ქსნის ერისთავების გარდა, ხეობაში ძველი დროიდან თავისი მამულები ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოს. აღსანიშნავია, რომ მდ. პატარა ლიახვის ერთ-ერთი შენაკადის, ფოტნისას ნაპირზე თავისი მეტოქი გააჩნდა ათონის ვატოპედის ბერძნულ მონასტერს. იქვე ახლოს, სოფელ ბელოთში ქსნის ერისთავების სპარსული სტილით აგებული სასახლე არსებობდა, ხოლო მოგვიანებით, ქსნის საერისთაოს გაუქმების შემდეგ აღნიშნულ სოფელში იულონ ერეკლეს ძე დამკვიდრდა და ბელოთი მწიგნობრობის ერთ-ერთ მძლავრ კერად იქცა. 2008 წელს, რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ისტორიული კუთხის-შიდა ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის პატარა ლიახვის ხეობა, საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. აგვისტოს ავადსახსენებელი, უთანასწორო ომი, რომელშიც რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის შენაერთები მონაწილეობდნენ, სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა, თუმცა, დიდი მსხვერპლით და ათეულობით ქართული სოფლის განადგურებით დასრულდა. ამ ტრაგედიას წინ უძღოდა კრემლის იდეოლოგთა მიერ ქართველებსა და ოსებს შორის სიძულვილის თესვის ხანგრძლივი პროცესი, რამაც, სამწუხაროდ, მიზანს მიაღწია.
მეცნიერულად გამყარდა მითი ე. წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ, რომელიც სინამდვილეში არასოდეს არსებულა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს კრემლისთვის მუდმივმოქმედი ნაღმის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. XX საუკუნის 90 –იან წლებში საბჭოთა იმპერიის რღვევის პროცესი შეუქცევადი გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს დასასჯელად, რომელსაც საგარეო პოლიტიკური კურსი მყარად ჰქონდა ევროპისკენ აღებული, აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის კრემლიდან მართული, ხელოვნური ეთნოკონფლიქტები ერთმორწმუნე მეზობელმა მუდმივი არეულობის ინსტრუმენტად აქცია. ჩვენი ქვეყნის განუხრელმა სწრაფვამ დასავლურ სირცეში ,,ეთნოკონფლიქტები~ კიდევ უფრო გააღრმავა. ეს იყო დამოუკიდებელი ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ იძულებით დატოვების მძლავრი მექანიზმი. ქართველთა ეთნიკური წმენდა ჯერ აფხაზეთში განხორციელდა, ხოლო შემდეგ ცხინვალსა და მის შემოგარენ სოფლებში. მოძმე ხალხებს შორის სისხლი დაიღვარა. თუმცა, ტრაგიკული დაპირისპირების მიუხედავად, ქართველებს და ოსებს შორის თანდათან გადატვირთვის პროცესი დაიწყო. აღდგა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი. ქართველების და ოსების ურთიერთსიძულვილით დაინტერესებული ძალებისთვის ორი ერის ხელახალი დაახლოვება და საუკუნეების განმავლობაში ნაწრთობი მეგობრობის აღდგენა მიუღებელი აღმოჩნდა. პროვოკაციული მოქმედებების შედეგად ორივე ხალხის წარმომადგენელთა მხრიდან დაშვებული იქნა უმძიმესი შეცდომები, რამაც ორი ერი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიიყვანა. მძიმე დღეებში დაიღუპა უამრავი ადამიანი, ათიათასობით ქართველი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. შიდა ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისტორიული ქართული სოფლები მავთულხლართს მიღმა მოექცა.
დღითიდღე იშლება ქართველთა ცხოვრების ნაკვალევი, ნადგურდება ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლები, მიზანმიმართულად მიმდინარეობს, პატარა ლიახვის ხეობაში არსებული ონომასტიკური ერთეულების დამახინჯება და სახელების გადარქმევა, ყალბდება ისტორია. ამ სულისკვეთებით იწერება მრავალი ,,ნაშრომი~, რაც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილია.
პროექტის მიზნების მისაღწევად შემუშავებულ იქნა შემდეგი ამოცანები:
1. საარქივო დოკუმენტებზე, ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაზე დაყრდნობით პატარა ლიახვის ხეობის სოციალურ-ეკონომიკური ბუნების შესწავლა;
2. საარქივო დოკუმენტებზე, ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაზე დაყრდნობით პატარა ლიახვის ხეობის პოლიტიკური ისტორიის შესწავლა;
3. საარქივო დოკუმენტების, ისტორიულ წყაროებსსა და ლიტერატურის ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციის მეცნიერულად დამუშავება და პროექტის ფარგლებში გამოქვეყნება მონოგრაფიის (პატარა ლიახვის ხეობის ისტორია) სახით.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორის უნივერსიტეტის რექტორის ინტერვიუ “edu.aris.ge”-სთან “Re-Direction”-ის...

2024 წლის 21 ნოემბერს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა მისცა ინტერვიუ ქართულ საგანმანათლებლო საინფორმაციო სააგენტო...

28 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

მსოფლიოს ბავშვთა დღე

მსოფლიოს ბავშვთა დღესთან დაკავშირებით გორის სახელმწიფო უნივერისტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა ვორქშოპი, რომელშიც მონაწილეობა...

25 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა