პლაგიატის აღმოჩენის, პრევენციის და პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების მექანიზმები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. წინამდებარე წესი (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (შემდგომში „გორის უნივერსიტეტი“) აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევის პრევენციის, აგრეთვე დარღვევის შემთხვევაში, მისი აღმოჩენისა და მასზე რეაგირების მექანიზმებს.
  2. გორის უნივერსიტეტი იცავს ინტელექტუალური საკუთრების პრინციპებს და აღნიშნული წესი მიზნად ისახავს აღკვეთოს სხვისი შრომის შედეგის ნებისმიერი ფორმით მითვისება.
  3. გორის უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტთა მოვალეობაა პატივი სცეს სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას, დაიცვას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები და გაუფრთხილდეს დაწესებულების რეპუტაციასა და პრესტიჟს.
  4. აღნიშნული წესი აყალიბებს გორის უნივერსიტეტში პლაგიატის შესახებ ინფორმირებულობის, პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენის მექანიზმებისა და რეაგირების ნორმებს.

მუხლი 2. პლაგიატი, თვითპლაგიატი, ფალსიფიკაცია

  1. დაუშვებელია სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის ტექსტის, იდეის, კონცეფციის, ვიზუალური ან აუდიო მასალის, ნებისმიერი სახის მონაცემების მითვისება და გავრცელება ავტორის მიუთითებლად (პლაგიატი).
  2. აკრძალულია საკუთარი ნაშრომის განმეორებით გამოყენება ორიგინალური წყაროს მიუთითებლად (თვითპლაგიატი).
  3. აკრძალულია მონაცემების, ინფორმაციის ან ციტატების გაყალბება აკადემიურ ნაშრომში (ფალსიფიკაცია).

მუხლი 3. პლაგიატის შესახებ ინფორმირება

  1. გორის უნივერსიტეტის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებს სავალდებულო სასწავლო კურსებს, რომლებიც მოიცავს აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებს.
  2. წინამდებარე წესი ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და ხელშეკრულების გაფორმების მომენტში სავალდებულოდ გასაცნობი დოკუმენტია.

მუხლი 4. პლაგიატის პრევენცია

  1. პლაგიატის პრევენცია მოიცავს რამდენიმე ასპექტს:
    ა) პერსონალი და სტუდენტი ხელშეკრულების გაფორმებისას ვალდებული არიან გაეცნონ წინამდებარე წესით განსაზღვრულ ღეგულაციებს.
    ბ) სტუდენტის თვითშეგნების ამაღლება საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო სასწავლო კურსის ფარგლებში;
    გ) საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა პლაგიატის თემაზე და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში სანქციების შესახებ ინფორმაციული კამპანიის წარმოება;
  2. უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები სავალდებულო წესით მოწმდება ანტიპლაგიატის ელექტრონულ პროგრამაში, რაც პრევენციული ფორმით მოქმედებს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალზე.
  3. პლაგიატის თაობაზე ინფორმირების ამაღლებისა და მისი პრევენციის მიზნით გორის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არსებობს პლაგიატთან და აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ველი, სადაც განთავსებულია უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები, საინფორმაციო ხასიათის მასალა.


მუხლი 5. პლაგიატის აღმოჩენის მექანიზმები

  1. პლაგიატის აღმოჩენის ძირითადი მექანიზმებია ლექტორის, ნაშრომის ხელმძღვანელის, რეცენზენტის დასკვნა და ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამა.
  2. გორის უნივერსიტეტის გამოქვეყნებული ყველა სამეცნიერო სტატია, პუბლიკაცია, მოხსენება, სახელმძღვანელო, სამაგისტრო ნაშრომი სავალდებულო წესით ექვემდებარება პლაგიატის არსებობის თაობაზე გადამოწმებას ანტიპლაგიატის ელექტრონულ პროგრამაში. მასალის გადამოწმებას უზრუნველყოფს გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.

მუხლი 6. პლაგიატზე რეაგირების მექანიზმები

  1. სამაგისტრო ნაშრომში პლაგიატის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი ვალდებულია დააფიქსიროს აღნიშნული გარემოება სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის დასკვნაში, გასცეს უარყოფითი რეკომენდაცია ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვებაზე და ამის შესახებ აცნობოს ფაკულტეტის დეკანატს.
  2. ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის მიერ სამაგისტრო ნაშრომის, სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შესრულებული კვლევით კომპონენტში ტექსტური თანხვედრის დაფიქსირების შემთხვევაში, თემის ხელმძღვანელი ახდენს შემოწმებას და ამზადებს ანგარიშს ნაშრომში პლაგიატის არსებობის შესახებ. თუ ნაშრომში არ აღმოჩნდა პლაგიატი, ამის შესახებ ხელმძღვანელი აკეთებს ჩანაწერს თავის დასკვნაში. თუ თემის ხელმძღვანელის მიერ დადასტურდება პლაგიატის არსებობა ან არსებობის ვარაუდი, საკითხის განხილვა მოხდება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.
  3. ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის მიერ სამეცნიერო სტატიაში, პუბლიკაციაში, მოხსენებაში ან სახელმძღვანელოში ტექსტური თანხვედრის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი კათედრა/სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი ახდენს შემოწმებას და ამზადებს ანგარიშს პლაგიატის არსებობის შესახებ. თუ სამეცნიერო სტატიაში, პუბლიკაციაში, მოხსენებაში ან სახელმძღვანელოში არ აღმოჩნდა პლაგიატი, ამის შესახებ შესაბამისი კათედრა/სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი აკეთებს ჩანაწერს დასკვნაში. თუ შესაბამისი კათედრის/სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მიერ დადასტურდება პლაგიატის არსებობა ან არსებობის ვარაუდი, საკითხის განხილვა მოხდება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 7. პლაგიატის დადასტურება და შესაბამისი სანქცია

  1. სტუდენტის/პერსონალის საქმიანობაში პლაგიატის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებით, როგორც გორის უნივერსიტეტის პერსონალისგან (თუკი არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი) ასევე გარეშე პირებიდან.
  2. კომისია შეიმუშავებს საქმის წარმოების პროცედურას და საქმეში გარკვევის შემდეგ, ბრძანების გამოცემიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში გამოიტანს შესაბამის დასკვნას. კომისიის მუშაობა უნდა იყოს კონფიდენციალური და პლაგიატის დადასტურებამდე ზიანი არ უნდა მიაყენოს სტუდენტის/პერსონალის პრესტიჟს.
  3. კომისია ანგარიშვალდებულია გორის უნივერსიტეტის რექტორის წინაშე. კომისიის დასკვნის შესახებ ეცნობება მოთხოვნის დამრღვევ პირს (შემდგომში - „დამრღვევი“), ასევე საქმესთან დაკავშირებულ სხვა პირებს.
  4. დამრღვევ პირს შესაძლებლობა ეძლევა საპასუხო სიტყვით წარსდგეს კომისიის წინაშე. იმ შემთხვევაში თუ დარღვევის ფაქტი არ დადასტურდება, რექტორი და შესაბამისი ფაკულტეტი/კათედრა აამოქმედებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს პირის სამეცნიერო რეპუტაციის აღსადგენად.
  5. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ, დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შეიძლება განისაზღვროს უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  6. პლაგიატის ფაქტის არსებობის გამო საჯარო დაცვიდან მოხსნილი სამაგისტრო ნაშრომის ან მისი გადამუშავებული ვარიანტის დასაცავად ხელმეორედ წარდგენა დაუშვებელია.

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

  1. აღნიშნულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
  2. სტუდენტები და პერსონალი ვალდებულნი არიან გაეცნონ წინამდებარე წესს, ხოლო ადმინისტრაცია ვალდებულია დოკუმენტი განათავსოს გორის უნივერსიტეტის ვებ- გვერდზე.