სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი

 

  1. სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფის მიზნით ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი.
  2. სამედიციონო კაბინეტი განთავსებულია უნივერსიტეტის შენობაში და მის მუშაობას წარმართავს ექთანი.
  3. სამედიცინო კაბინეტი უზრუნველყოფილია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად აუცილებელი აღჭურვილობითა და მედიკამენტებით. საჭიროების შემთხვევაში კი - სატრანსპორტო საშუალებით.
  4. სამედიცინო კაბინეტის აღჭურვილობამ, მოწყობამ და სამუშაო რეჟიმმა უნდა უზრუნველყოს პაციენტისა და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო.
  5. უნივერსიტეტი ვალდებულია ექთნის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს სამედიცინო კაბინეტის პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით პერიოდულად მომარაგება.
  6. უნივერსიტეტი და თავად ექთანი იღებენ ვალდებულებას მედიკამენტების ვარგისიანობაზე; ამისათვის მუდმივად მიმდინარეობს არსებული და შესაძენი მედიკამენტების ვადის გადამოწმება და მხოლოდ გადამოწმების შემდეგ, მათი გამოყენება.
  7. სტუდენტებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მიმართონ ექთანს და მიიღონ შესაბამისი კონსულტაცია ან სამედიცინო დახმარება.
  8. თუ სტუდენტი ან უნივერსიტეტის თანამშრომელი ვერ ახერხებს ექთანთან დამოუკიდებლად მისვლას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექთანს, დაცვის სამსახურს ან ადმინისტრაციას, რომლებიც ვალდებულნი არიან მიიყვანონ ეს პიროვნება სამედიცინო კაბინეტთან.
  9. თუ სტუდენტის ან უნივერსიტეტის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე ეჭვქვეშ დგება მისი გადაადგილების უსაფრთხოება, უნივერსიტეტში მყოფ ნებისმიერ პირს უფლება აქვს აცნობოს ექთანს და სთხოვოს მას ავადმყოფის ადგილზე გასინჯვა. უნივერსიტეტის ექთანი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს თხოვნა.
  10. უნივერსიტეტის სხვა სასწავლო კორპუსებში სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, სამედიცინო კაბინეტში შესული შეტყობინების საფუძველზე, უნივერსიტეტის მძღოლი უზრუნველყოფს ექთნის გადაადგილებას შესაბამის სასწავლო კორპუსში უნივერსიტეტის სატრანსპორტო საშუალებით.
  11. უბედური შემთხვევის დროს აუცილებლობის შემთხვევაში ნებისმიერმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დამხარება (112).
  12. ექთანი პაციენტის პირველადი გასინჯვის საფუძველზე ვალდებულია:  ა) თავად აღმოუჩინოს პირველადი სამედიცინო დახმარება;  ბ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საჭიროებისას, რომელიც სცილდება ექთნის კომპეტენციის ფარგლებს, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დამხარება (112), საჭიროების შემთხვევაში სხვა სამსახურები (პოლიცია და ა.შ) და ფაქტის შესახებ მოახდინოს სტუდენტის ოჯახის წევრის ინფორმირება.
  13. ექთანი ვალდებულია პაციენტს მიაწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია ჩასატარებელი პროცედურების შესახებ.
  14. ექთანი ვალდებულია აწარმოოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების რეგისტრაცია, შეისწავლოს მათი სამედიცინო ისტორია, უზრუნველყოს მათთვის პირველადი სამედიცინო დამხარების აღმოჩენისათვის საჭირო მედიკამენტების შესყიდვა, სტუდენტის ოჯახის წევრების საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, პერიოდულად გააკონტროლოს სწავლის პროცესში ამ კატეგორიის სტუდენტების ადაპტირების პირობები.