შინაგანაწესი
დანართი
სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის
შრომის შინაგანაწესი
თავი I - ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. შრომის შინაგანაწესის მიზნები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) შრომის შინაგანაწესი (შემდგომში - ,,შინაგანაწესი“) განსაზღვრავს უნივერსიტეტის შრომის განაწესს; სამუშაო კვირის ხანგრძლივობას; სამუშაო დღეს სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროს; დასვენების ხანგრძლივობას; შრომის ანაზღაურების გაცემის წესს, დროს და ადგილს; ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობას და მიცემის წესს; ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობას და მიცემის წესს; შრომის პირობების დაცვის წესებს; წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებსა და გამოყენების პირობებს; სამსახურში ეთიკური ნორმების დაცვის უზრუნველყოფას, დისკრიმინაციის ამკრძალავ ნორმებს და მიზნად ისახავს:
ა) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფას;
ბ) უნივერსიტეტსა და მასში დასაქმებულ პერსონალს შორის შრომითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;
გ) პერსონალის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას;
დ) შრომის სამართლიან ანაზღაურებას;
ე) პერსონალისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობსათვის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას;
ვ) პერსონალისა და მესამე პირების ურთიერთობისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესების დაცვას;
ზ) სამსახურში ეთიკის ნორმების დაცვის უზრუნველყოფას.
მუხლი 2. შინაგანაწესის ნორმების წყაროები
წინამდებარე შინაგანაწესის ნორმები შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსი“, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე.
მუხლი 3. პერსონალის მიერ შინაგანაწესის ნორმების შესრულება
უნივერსიტეტის პერსონალი (აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი (მათ შორის შტატგარეშე დამხმარე პერსონალი), მასწავლებელთა პერსონალი, აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტები, უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პერსონალი, პროფესიული განათლების მასწავლებელთა პერსონალი) დაკავებული თანამდებობის, სპეციალობის, კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შრომითი ხელშეკრულების პირობების დაცვის ვალდებულების გარდა, ასევე ვალდებულია, სპეციალური მითითების გარეშე, დაიცვას წინამდებარე შინაგანაწესი, ასევე უნივერსიტეტის მიერ გამოცემული (დადებული, მიღებული) ყველა სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც მის საქმიანობას (შესასრულებელ ფუნქციებს) ეხება და სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება.
მუხლი 4. შინაგანაწესის მოქმედების სფერო
1. შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის მქონე ნებისმიერი პირისათვის (პერსონალისათვის).
2. შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტის სტუდენტებისა (წინამდებარე შინაგანაწესის მიზნებისათვის უნივერსიტეტის სტუდენტი გულისხმობს კანონმდებლობით განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტსაც) და უნივერსიტეტთან კავშირში მყოფი ან ნებისმიერი სახით დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, გარდა შინაგანაწესის იმ ნორმებისა, რომლებიც განკუთვნილია და ეხება უნივერსიტეტთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ პირებს.
3. შინაგანაწესი წარმოადგენს უნივერსიტეტში დასაქმებულ თანამშრომლთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 5. შრომითი ურთიერთობის სუბიექტების (დასაქმებული/დამსაქმებელი) უფლებამოვალეობები
1. დასაქმებულის უფლებები და ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების, შესაბამის პოზიციაზე მიღების წესის, წინამდებარე შინაგანაწესის, საქმიანობის მარეგულირებელი სხვა აქტების შესაბამისად.
2. დასაქმებულს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ყველა სამართლებრივ აქტს და დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია ფუნქციები და უფლება-მოვალეობები მის მიერ დასაკავებელი/დაკავებული თანამდებობისათვის;
ბ) მიიღოს და მისთვის ხელმისაწვდომი იყოს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო, მატერიალური და საბიბლიოთეკო რესურსი, ტექნიკური საშუალებები და დოკუმენტაცია;
გ) მოითხოვოს შრომისათვის სათანადო გარემო, შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობები; დ) მიიღოს შრომის ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) ისარგებლოს სამუშაოზე შესვენების დროით, დასვენების/უქმე დღეებით, მივლინების, ანაზღაურებადი/არაანაზღაურებადი შვებულებების უფლებებით, წინამდებარე შინაგანაწესის, უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ისარგებლოს უნივერსიტეტის შიდა მიზნობრივი პროექტების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობით (პროექტებში პერსონალის სახით ჩართვის უფლებით), აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად;
ზ) დამსაქმებელთან შეთანხმებით ისარგებლოს შეთავსებით სამუშაოზე დასაქმების უფლებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით, საუნივერსიტეტო რეგულაციებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა უფლებებით.
3. დასაქმებული ვალდებულია:
ა) სამუშაო შეასრულოს პირადად, დროულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დაკავებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის/დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) სპეციალური მითითებების გარეშე განუხრელად დაიცვას უნივერსიტეტის წესდების, ეთიკის კოდექსის, წინამდებარე შინაგანაწესის, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების, მისი ფუნქცია-მოვალეობების/შრომითი საქმიანობის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტებისა და შრომითი ხელშეკრულების მოთხოვნები;
გ) გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს კანონიერების, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემისა და დაცვის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმის და კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპებით;
დ) რეგულარულად შეამოწმოს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა/ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა ელექტრონული რესურსები და კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი რეაგირება/აქტივობა;
ე) სამუშაო პროცესში უზრუნველყოს მის ხელთ არსებული/მისთვის ცნობილი კომერციული, პროფესიული, პერსონალური და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა, ასევე სტუდენტთა და პერსონალის პირად საქმეებთან, საუნივერსიტეტო ბაზაში, განათლების მართვის საინფორმაციო მართვის სისტემაში მუშაობისას ვალდებულია დაიცვას პერსონალური მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობისა შესაბამისად;
ვ) დაიცვას შრომის დისციპლინა და რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო;
ზ) თანამშრომლებთან კომუნიკაციისას გამოიჩინოს თავაზიანობა და კოლეგიალობა, დაეხმაროს ნაკლები გამოცდილების მქონე ან ახალდასაქმებულ კოლეგას ადაპტირდეს სამუშაო გარემოში;
თ) გაუფრთხილდეს, დაიცვას, რაციონალურად და მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით გამოიყენოს უნივერსიტეტის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და არაფინანსური აქტივები; იზრუნოს მისთვის გადაცემული ქონების (ინვენტარის/რესურსის) მოვლაპატრონობაზე და დაუყოვნებლივ განაცხადოს მისთვის გადაცემული ქონების დაზიანების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში;
ი) უზრუნველყოს წესრიგი სამუშაო ადგილზე, დაიცვას სისუფთავე; უნივერსიტეტის შენობაში და ტერიტორიაზე დაიცვას უსაფრთხოების ზოგადი წესები, სამუშაო ადგილზე ელექტროგაყვანილობა/წყალგაყვანილობა/გაზგაყვანილობა გამოიყენოს დანიშნულებისამებრ, შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და სანიტარული წესების დაცვით;
კ) კომპეტენციის ფარგლებში და ანგარიშვალდებულების პრინციპის გათვალისწინებით შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის/დამსაქმებლის მითითება და დავალება, საქართველოს კანონმდებლობისა და საუნივერსიტეტო რეგულაციების შესაბამისად;
ლ) შეასრულოს სხვა ვალდებულებები/მოთხოვნები/ფუნქცია-მოვალეობები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან/და საუნივერსიტეტო სამართლებრივი აქტებით და შრომითი ხელშეკრულებით.
4. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მასწავლებელი, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტი და პროფესიული განათლების მასწავლებელი დამატებით ვალდებულია:
ა) შეასრულოს შრომითი დატვირთვის განმსაზღვრელი და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;
ბ) დროულად გამოცხადდეს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობაზე, ასევე სტუდენტების/პროფესიული სტუდენტების საკონსულტაციო საათებში, დაგვიანების ან/და გაცდენის შემთხვევაში აცნობოს ფაკულტეტის/პროფესიული განათლების ცენტრის ადმინისტრაციას ადმინისტრაციას, ამ შინაგანაწესით ან/და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით; სააუდიტორიო მეცადინეობებიდან არ დაუშვას სტუდენტების/პროფესიული სტუდენტების ადრე გაშვება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გამოიყენა შესვენებები და ზედიზედ ჩაატარა მეცადინეობები;
გ) წინასწარ დაგეგმილი მივლინების შემთხვევაში დროულად აცნობოს ფაკულტეტის/პროფესიული განათლების ცენტრის ადმინისტრაციას საკონტაქტო საათის/სააუდიტორიო მეცადინეობის მოსალოდნელი გაცდენის შესახებ და შეათანხმოს გაცდენილი საათ(ებ)ის აღდგენის განრიგი;
დ) უზრუნველყოს უქმე დღეებში ან/და სხვა მიზეზით გაცდენილი საკონტაქტო საათების/მეცადინეობის აღდგენა, სასწავლო/სამუშაო დღეებში სტუდენტთა/პროფესიული სტუდენტთა ჯგუფების ცხრილის გათვალისწინებით, ფაკულტეტის/პროფესიული განათლების ცენტრის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;
ე) დადგენილ ვადებში უზრუნველყოს საგამოცდო საკითხების მომზადება, განახლება, წარდგენა და სტუდენტთა ნაშრომების შეფასება, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) უნივერსიტეტის რეგულაციების შესაბამისად წარმოადგინოს/განაახლოს მის მიერ განსახორციელებელი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსები;
ზ) სტუდენტებთან პირველივე საკონტაქტო საათზე გააცნოს მათ სასწავლო კურსის სილაბუსი; სასწავლო კურსი წარმართოს სილაბუსის შესაბამისად;
თ) საქმიანობის პროცესში ხელი შეუწყოს აკადემიური თავისუფლების და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას; დაესწროს უნივერსიტეტის/ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებს;
ი) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, ეთიკის კოდექსით, წინამდებარე შინაგანაწესით და სასწავლო პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო რეგულაციებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
5. დამსაქმებელი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს დასაქმებულს ფუნქცია-მოვალეობების პირადად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება, დასაქმებულის შრომით საქმიანობაზე განახორციელოს სამსახურებრივი ზედამხედველობა/მონიტორინგი, საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე შინაგანაწესის და საუნივერსიტეტო სხვა რეგულაციების შესაბამისად;
ბ) გასცეს სამსახურებრივი დავალება (ზეპირი ან წერილობითი), ზოგადი, რომელიც შეიძლება ვრცელდებოდეს უნივერსიტეტის მთელ პერსონალზე და პერსონალური, რომელიც ვრცელდება ერთ დასაქმებულზე ან დასაქმებულთა განსაზღვრულ ჯგუფზე (გასცემს ადმინისტრაციული თანამდებობის პირები/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსები);
გ) შეაფასოს დასაქმებული, საქართველოს კანონმდებლობისა და საუნივერსიტეტო რეგულაციების შესაბამისად;
დ) დასაქმებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების ღონისძიებები, ხოლო დისციპლინური გადაცდომისას - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, საქართველოს კანონმდებლობის, შინაგანაწესის და სხვა საუნივერსიტეტო რეგულაციების შესაბამისად;
ე) მოსთხოვოს დასაქმებულს იმ დავალებათა შესრულება, რომელიც არ განეკუთვნება მის ფუნქციებს, მაგრამ აუცილებელია სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის თავიდან დროულად ასაცილებლად, უნივერსიტეტის ქონების დაზიანებისა და განადგურებისაგან დასაცავად (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი დავალების შესრულება საზიანოა დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ან აღემატება მის შესაძლებლობებს);
ვ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდების ან/და უნივერსიტეტის სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნებიდან.
6. დამსაქმებელი ვალდებულია:
ა) შექმნას და დაიცვას შრომისა და სწავლა-სწავლებისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობები;
ბ) შეუქმნას დასაქმებულებს ხელშემწყობი პირობები და მოტივაციის მიმცემი სამუშაო გარემო, არ დაუშვას დისკრიმინაცია;
გ) ხელი შეუწყოს აკადემიური თავისუფლების და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვას;
დ) ხელი შეუწყოს დასაქმებულის მიერ კუთვნილი შვებულებებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობას;
ე) უზრუნველყოს დასაქმებულის შრომის ანაზღაურების გაცემა, საქართველოს კანონმდებლობის, საუნივერსიტეტო რეგულაციებისა და შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად;
ვ) განახორციელოს ორგანიზაციული და სხვა ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება შრომითი რესურსების რაციონალური გამოყენების, ადამიანური რესურსების გაძლიერებისა და განვითარებისკენ და დაწესებულების მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის ეფექტურ და ეფექტიან აღსრულებაზე;
ზ) უზრუნველყოს დასაქმებულთათვის კარიერული წინსვლისა და განვითარების თანაბარი ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს დასაქმებულის პროფესიულ/კვალიფიკაციის ზრდას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში;
თ) მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, უზრუნველყოს ეთიკის კოდექსში და წინამდებარე შინაგანაწესში ასახული დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებების შესრულება;
ი) ხელი შეუწყოს დასაქმების ადგილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებას;
კ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, ეთიკის კოდექსით, წინამდებარე შინაგანაწესით და სასწავლო პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით საუნივერსიტეტო რეგულაციებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
თავი II - შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა
მუხლი 6. შრომითი დისკრიმინაციის ცნება
1. ამ შინაგანაწესის მიზნებისთვის დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
2. ამ შინაგანაწესის მიზნებისთვის პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი.
3. ამ შინაგანაწესის მიზნებისთვის ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია.
4. უნივერსიტეტი ვალდებულია ქალი და მამაკაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდა.
5. სამუშაო ადგილზე შევიწროება (მათ შორის, სექსუალური შევიწროება) არის დისკრიმინაციის ფორმა, კერძოდ, პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნით განპირობებული არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
6. სექსუალური შევიწროება არის პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
შენიშვნა: ამ შინაგანაწესის მიზნებისთვის სექსუალური ხასიათის ქცევა არის პირისთვის სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და ასეთი ფრაზებით მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და ნებისმიერი სხვა სექსუალური ხასიათის არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.
7. აკრძალულია დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან/და დასაქმებულის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან.
მუხლი 7. დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლები
აკრძალულია დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში. დისკრიმინაციის აკრძალვა, მათ შორის, ვრცელდება:
ა) წინასახელშეკრულებო ურთიერთობისას შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე, აგრეთვე კარიერული წინსვლის ხელმისაწვდომობაზე, პროფესიული იერარქიის ყველა საფეხურზე, საქმიანობის სფეროს მიუხედავად;
ბ) პროფესიული იერარქიის ყველა საფეხურზე პროფესიული ორიენტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ყველა ფორმის (პრაქტიკული პროფესიული გამოცდილების ჩათვლით) ხელმისაწვდომობაზე;
გ) შრომის, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობებზე;
დ) დასაქმებულთა გაერთიანების, დამსაქმებელთა გაერთიანების ან ისეთი ორგანიზაციის წევრობასა და საქმიანობაზე, რომლის წევრებიც განსაზღვრულ პროფესიულ ჯგუფს განეკუთვნებიან, ამ ორგანიზაციიდან მიღებული სარგებლის ჩათვლით;
ე) სამსახურებრივი სოციალური დაცვის პირობებზე, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობებზე.
მუხლი 8. სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები
დისკრიმინაციად არ მიიჩნევა პირის განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან ან სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება.
მუხლი 9. მტკიცების ტვირთი
დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი უნივერსიტეტს ეკისრება, თუ კანდიდატი ან დასაქმებული მიუთითებს იმ ფაქტებზე ან/და გარემოებებზე, რომლებიც ქმნის საფუძველს გონივრული ვარაუდისთვის, რომ უნივერსიტეტმა დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მოთხოვნა დაარღვია.
მუხლი 10. დაცვის ან მხარდაჭერის განსაკუთრებული ღონისძიებები
დისკრიმინაციად არ მიიჩნევა განსაკუთრებული ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება იმ პირთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც, ჩვეულებრივ, აღიარებულია, რომ, ასაკის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ოჯახური პასუხისმგებლობის, სოციალური ან კულტურული სტატუსის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ დაცვას ან მხარდაჭერას საჭიროებენ.
მუხლი 11. გონივრული მისადაგება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის, კერძოდ, გონივრული მისადაგების პრინციპის, დაცვის მიზნით უნივერსიტეტი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა დასაქმების, კარიერული წინსვლის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიება უნივერსიტეტს არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს. ეს ტვირთი არაპროპორციულად არ მიიჩნევა, თუ კონკრეტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, შეღავათები ან/და სხვა, ალტერნატიული საშუალებები.
თავი III - სამუშაო და დასვენების დრო
მუხლი 12. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო
1. სამუშაო დრო წარმოადგენს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პერსონალი ახორციელებს თავის სამსახურებრივ საქმიანობას ან/და ასრულებს თავის მოვალეობებს.
2. უნივერსიტეტში მოქმედებს ხუთდღიანი სამუშაო კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, გარდა წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი გამონაკლისებისა.
3. სამუშაო დღეს სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო (ხანგრძლივობა) განისაზღვრება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო ყოველი წლის 01 აგვისტოდან 01 სექტემბრამდე, აგრეთვე 01 ნოემბრიდან 01 მარტამდე 09:30 საათიდან - 17:30 საათამდე, გარდა წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი გამონაკლისებისა.
4. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროს განისაზღვრება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე. შესვენებას პერსონალი იყენებს თავისი ნება-სურვილის შესაბამისად. დროის ამ შუალედში მას ეძლევა სამუშაოს შესრულების ადგილიდან წასვლის უფლება.
5. პერსონალს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ ერთი საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.
6. აკადემიური პერსონალისათვის, მასწავლებლებისა და სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეული სპეციალისტებისთვის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის სამუშაო დღე არანორმირებულია. მათი სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, დაკავშირებულია აუდიტორული, საკონსულტაციო საათების ჩატარებასა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (მათ შორის სამეცნიერო საქმიანობა) შესრულებასთან (გამოცდის ორგანიზება, გამოცდის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება /საგამოცდო საკითხების, ბილეთების მომზადება, უფლებამოსილი პირისათვის მიწოდება და სხვ./, საგამოცდო ნაშრომების გასწორება, საგამოცდო შეფასებების მიწოდება უფლებამოსილი პირებისთვის, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების შესრულების ხელმძღვანელობა, სასწავლო ცხრილის შედგენაში მონაწილეობა, დროებით და მუდმივმოქმედ კომისიებსა და საბჭოებში (მათ შორის მართვის ორგანოები) წევრობა-მონაწილეობა და სხვა ისეთი უფლება-მოვალეობები, რაც დგინდება უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით).
7. სასწავლო პროცესის მოთხოვნების გათვალისწინებით, პერსონალისათვის დასაშვებია 6 დღიანი სამუშაო კვირა, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
8. უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტის პერსონალს შორის სამუშაო დროის ხანგრძლივობა შესაძლებელია განისაზღვროს ურთიერთშეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით შრომის კანონმდებლობის საფუძველზე.
9. სამუშაო დღეებსა და ცვლებს (ასეთის არსებობისას) შორის პერსონალის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.
10. უნივერსიტეტში დადგენილია ორი (შაბათი და კვირა) დასვენების დღე კვირაში, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. უქმე დღეები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის საფუძველზე.
12. პერსონალი ვალდებულია მისთვის სამუშაო აღწერილობით, შრომითი ხელშეკრულებითა და უნივერისტეტის სხვა შიდასამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციები (სამსახურებრივი მოვალეობები) შეასრულოს პირადად. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო პირადად შეუსრულებელი მოვალეობები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
13. ქვეყანაში საგანგებო, საომარი ან სხვა ისეთი მდგომარეობის არსებობისას, რომელიც ზღუდავს ფიზიკურ პირთა გადაადგილებას, შეკრებას (მათ შორის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ადგილზე გამოცხადებას), რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილი არიან ბრძანებით დაარეგულირონ დასაქმებულების მიერ თავის მოვალეობათა დისტანციურად შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
მუხლი 13. სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან წასვლის წესი
1. უნივერსიტეტის პერსონალი ვალდებულია დააფიქსიროს სამუშაოზე მისი გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან გასვლის ფაქტები უნივერსიტეტში საამისოდ გამოყოფილ ადგილას სარეგისტრაციო ჟურნალის მეშვეობით. აღნიშნულის დაცვა სავალდებულოა დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობის დროსაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. სარეგისტრაციო ჟურნალში დაფიქსირებულ მონაცემებზე კონტროლს ახორციელებს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.
მუხლი 14. სამუშაოზე დაგვიანება
1. სამუშაოზე დაგვიანებად მიიჩნევა პერსონალის მიერ სამუშაო დროს მასზე დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად სამუშაო ადგილზე დაგვიანებით გამოცხადება. სამსახურში გამოცხადება გამოცხადების დროზე არაუმეტეს 10 წუთით გვიან მიიჩნევა ავტომატურად საპატიოდ და ამ შემთხვევაში წინამდებარე შინაგანაწესით გათვალისწინებული სანქციები გამოყენებას არ ექვემდებარება. სამუშაო დღისთვის განკუთვნილი სამუშაო საათების სრული ოდენობის განმავლობაში სამსახურის გაცდენა მიიჩნევა სამსახურში გამოუცხადებლობად.
2. სამუშაოდან სამუშაო დროის დასრულებამდე ადრე წასვლა, შესაბამისი გაცდენილი სამუშაო დროის ოდენობის გათვალისწინებით, უტოლდება სამუშაოზე დაგვიანებას.
3. სამუშაოზე დაგვიანება შესაძლებელია ჩაითვალოს საპატიოდ ან არასაპატიოდ წინამდებარე შინაგანაწესის მე-15 მუხლით დადგენილი წესების დაცვის შემთხვევაში.
მუხლი 15. პერსონალის მიერ გაცდენილი სამუშაო დროის საპატიოდ ან არასაპატიოდ ჩათვლა
1. სამუშაოზე დაგვიანება და სამუშაო დროის სხვა სახის გაცდენა საპატიოდ ჩაითვლება თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დააკმაყოფილებს პერსონალის (ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი, უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პერსონალი) ზეპირ, ან წერილობით თხოვნას დაგვიანების საპატიოდ ჩათვლის თაობაზე. ამ მიზნით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია დაგვიანებისთანავე თავის დაქვემდებარებაში მყოფ პერსონალს მოსთხოვოს სამსახურებრივი ბარათის წარმოდგენა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სამუშაოზე დაგვიანების, ან სამუშაო დროის სხვა სახის გაცდენის თაობაზე აკმაყოფილებს პერსონალის ზეპირ ან წერილობით განცხადებას - სამსახურებრივ ბარათს, აღნიშნული დრო მიიჩნევა საპატიოდ.
3. უნივერსიტეტის კანცელარიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა, ახდენს სარეგისტრაციო ჟურნალის მონაცემების ანალიზს და მიღებული მასალების შეჯამების შედეგებს გაცდენილი სამუშაო საათების შესახებ წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შემდგომი რეაგირებისათვის.
4. სამუშაოზე არასაპატიოდ დაგვიანების ან/და სამუშაოს არასაპატიოდ გაცდენის შემთხვევებში, უნივერსიტეტი უფლებამოსილია გამოიყენოს წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
5. სამუშაოზე არასაპატიოდ დაგვიანებად და სამუშაოს არასაპატიოდ გაცდენად არ ჩაითვლება პერსონალის მიერ სამუშაო დროს სამსახურებრივი მოვალეობების უნივერსიტეტის ტერიტორიის გარეთ შესრულება, რაც გამოწვეული იყო შესასრულებილი სამუშაოს სპეციფიკით და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
6. დასაქმებულზე არ გაიცემა ან თუკი გაცემულია – დაექვითება მომდევნო თვეში გასაცემი შრომის ანაზღაურების თანხიდან, არასაპატიოდ გაცდენილი სამუშაო საათების/დღეების შესაბამისი შრომის ანაზღაურება, რაც არ გამორიცხავს ამ პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების განხორციელებას
მუხლი 16. აკადემიური პერსონალის, მასწავლებლების, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტების და პროფესიული განათლების მასწავლებლების სამსახურში გამოცხადების რეგულირების წესები და გამოუცხადებლობის შედეგები
1. გარდა უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სხვა ვალდებულებებისა, აკადემიური პერსონალი, მასწავლებლები და სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები სასწავლო პროცესს წარმართავენ შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტეტის) და პროფესიული განათლების ცენტრის მიერ დადგენილი მეცადინეობის ,,ცხრილის’’ და საკონსულტაციო საათების შესაბამისად. აღნიშნული ცხრილით/საკონსულტაციო საათებით დადგენილი სამუშაო გრაფიკის ერთჯერადი, ან გარკვეული პერიოდით შეცვლა, დასაშვებია შესაბამისი ფაკულტეტის დეკანთან/პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
2. აკადემიური პერსონალის, მასწავლებლების, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტების და პროფესიული განათლების მასწავლებლების მიერ სალექციო/პრაქტიკულის/ლაბორატორიულის და სხვა სააუდიტორიო საათის გაცდენის თითოეულ ფაქტზე უნივერსიტეტის მონიტორინგის ჯგუფის წევრი/წევრები ადგენს/ადგენენ წერილობით დოკუმენტს (ოქმს), რომელშიც ფიქსირდება გამცდენის სახელი და გვარი, საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტეტის/პროფესიული განათლების ცენტრის) დასახელება, გაცდენილი აკადემიური/სააუდიტორიო საათი. წერილობითი დოკუმენტის ჩანაწერის სისწორე დასტურდება შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფის წევრის/წევრების ხელმოწერით.
3. უნივერსიტეტის შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულის - ფაკულტეტის დეკანის/პროფესიული განათლების ცენტრის მოთხოვნის საფუძველზე, აკადემიური პერსონალი, მასწავლებლები, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტი და პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებული არიან მოთხოვნიდან სამი კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს განმარტება საათის გაცდენის მიზეზების შესახებ.
4. აკადემიური პერსონალი, მასწავლებლები, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტი და პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული საპატიო მიზეზით გაცდენილი საათის/მეცადინეობის აღდგენა მიმდინარე სემესტრის განმავლობაში, ფაკულტეტის დეკანის/პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს შეუსრულებელ ვალდებულების გამო ანაზღაურების შესაბამისი ოდენობის დაქვითვის/არ გაცემის საფუძველს ამ მუხლით დადგენილი წესით.
5. აკადემიური პერსონალის, მასწავლებლების, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტის და პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ თვის განმავლობაში გაცდენილი საათის/მეცადინეობის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე რექტორი გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც დასაქმებულს სახელფასო ანაზღაურებიდან დაექვითება/არ მიეცემა თვის განმავლობაში მისთვის ერთი გაცდენილი საათის/მეცადინეობის ჩატარებისათვის მისაღები ანაზღაურების ოდენობის შესაბამისი თანხა თითოეული გაცდენილი მეცადინეობისათვის. ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში, შესაბამისი აკადემიური პერსონალი, მასწავლებლები, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტი და პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული გაცდენილი საათის აღდგენა ფაკულტეტის დეკანის/პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობას, უნივერსიტეტის მხრიდან შესაძლებელია მოყვეს შინაგანაწესით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომ(ებ)ის გამოყენება მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი წესით.
6. აკადემიური პერსონალის, მასწავლებლების, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტის და პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ, თვის განმავლობაში, არანაკლებ 6 მეცადინეობის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, უნივერსიტეტის მხრიდან შესაძლებელია მოყვეს შინაგანაწესით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი წესით, ხოლო თვის განმავლობაში 10 მეცადინეობის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში რექტორი უფლებამოსილია შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. აკადემიური პერსონალის, მასწავლებლების, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტის და პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ მეცადინეობის გაცდენა საპატიოდ ჩაითვლება ავადმყოფობის/ოჯახის წევრის ავადმყოფობის, ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოების გამო. აღნიშნული დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მეცადინეობის ჩატარების შეუძლებლობაზე.
8. სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ საათებში სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აკადემიური პერსონალის, მასწავლებლის, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტის და პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ შესაბამისი საათის გაცდენა ჩაითვლება საპატიოდ, თუ ის შესაბამისი სალექციო/პრაქტიკული/ლაბორატორიული კურსის პირველი 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა ამ მეცადინეობისათვის ცხრილით განსაზღვრულ აუდიტორიაში.
მუხლი 17. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების პირობები და ღამით მუშაობის შეზღუდვა
1. დაწესებულების პერსონალი ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და პირობებში.
2. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტსა და ამ სამუშაოს შემსრულებელ პერსონალს შორის ნებისმიერი წერილობითი ფორმით მიღწეული შეთანხმებით.
3. ღამით მუშაობის შეზღუდვის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
თავი IV - შვებულება
მუხლი 18. შვებულების ხანგრძლივობა
1. უნივერსიტეტის პერსონალს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით -წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
2. უნივერსსიტეტის პერსონალს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით -წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
3. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს პერსონალის მდგომარეობას.
4. შრომითი ხელშეკრულების უნივერსიტეტის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია პერსონალს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.
5. ბათილია შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომლითაც ანაზღაურებადი შვებულებით ყოველწლიურად სარგებლობის უფლება დათმობილია ან უარყოფილია.
მუხლი 19. შვებულების მიცემის წესი
1. უნივერსიტეტის პერსონალს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, პერსონალს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
2. მუშაობის მეორე წლიდან უნივერსიტეტის პერსონალს, მხარეთა შეთანხმებით, შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს.
3. მხარეთა შეთანხმებით, პერსონალმა შვებულება შეიძლება ნაწილ-ნაწილ გამოყენოს.
4. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
5. აკადემიური პერსონალს, მასწავლებლებსა და სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეულ სპეციალისტებს შვებულება მიეცემა საზაფხულო არდადეგების პერიოდში. ამ პუნქტით გათვალსწინებულ თანამშრომლებს მხარეთა შეთანხმებით, შვებულება შეიძლება მიეცეთ სამუშაო წლის ნებისმიერ დროს.
6. პერსონალის შვებულება ფორმდება სამართლებრივი აქტი (ბრძანება) გამოიცემა:
ა) უნივერსიტეტის და ფაკულტეტების ადმინისტრაციული პერსონალის (რექტორის მოადგილე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები და დეკანები) - რექტორის ბრძანებით;
ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;
გ) აკადემიური პერსონალის - რექტორის ბრძანებით;
დ) დამხმარე პერსონალის - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;
ე) სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეული პერსონალის (მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, პროფესიული განათლების მასწავლებელი, მოწვეული სპეციალისტები) - რექტორის ბრძანებით.
7. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, უნივერსიტეტს უფლება აქვს, დაადგინოს პერსონალისათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.
მუხლი 20. ანაზღაურებისგარეშე შვებულების აღებისას უნივერსიტეტის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება
ანაზღაურებისგარეშე შვებულების აღებისას პერსონალი ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს რექტორი ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე ან ოჯახური პირობების გამო, გაფრთხილება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი მიზეზი.
მუხლი 21. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობა
1. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება პერსონალის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი, აგრეთვე უნივერსიტეტის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დრო.
2. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში არ ითვლება პერსონალის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის დრო ან 7 სამუშაო დღეზე მეტი ხანგრძლივობის ანაზღაურებისგარეშე შვებულება.
3. შვებულების მოთხოვნა ხდება პერსონალის მიერ საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის https://eflow.emis.ge/-ს მეშვეობით, ხოლო მასზე წვდომის არარსებობის შემთხვევაში წერილობითი განცხადების უნივერსიტეტის კანცელარიაში რეგისტრაციის გზით. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს შვებულების სახე (ანაზღაურებადი, ანაზღაურების გარეშე), პერიოდი (საშვებულებო დღეების ოდენობა) და შვებულებაში გასვლისა და შვებულებიდან დაბრუნების თარიღები.
4. განცხადება შვებულების მოთხოვნის თაობაზე საკანცელარიო წესით რეგისტრირებული უნდა იქნას არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა) შვებულებაში გასვლის სასურველი თარიღის დადგომამდე და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში უნივერსიტეტის უფლებამოსილია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა, მაგრამ არაუგვიანეს შვებულების ვადის გასვლისა გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, მხოლოდ იმ პირობით თუ დასაქმებულის მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო უფლებამოსილი პირის მიერ (რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი).
6. ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების ერთდროულად მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უნივერსიტეტის შესაბამის სამართლებრივ აქტში შვებულების ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი ნაწილების გამიჯვნა სავალდებულოა.
7. პერსონალი ვალდებულია შვებულებაში გასვლამდე უზრუნველყოს მასთან არსებული სამსახურებრივი ხასიათის დოკუმენტაციის (ასევე მომზადებული პროექტების ელ. ვერსიების, მათი ადგილმდებარეობის მითითებით) გადაცემა მისი შემცვლელი პირის, ან ზემდგომი თანამდებობის პირისათვის.
მუხლი 22. ანაზღაურებადი შვებულების გადატანის გამონაკლისი შემთხვევები
1. თუ პერსონალისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება სამუშაო პროცესის ნორმალურად წარმართვაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, პერსონალის თანხმობით, დასაშვებია შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა.
2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა.
3. იმ შემთხვევაში თუ პერსონალს აქვს როგორც მიმდინარე, ისე წინა კალენდარული წლის ანაზღაურებადი შვებულებით (ან მისი დარჩენილი ნაწილით) სარგებლობის უფლება, ანაზღაურებადი შვებულების მოხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას პირველ ყოვლისა ეძლევა მიმდინარე კალენდარული წლის შვებულებით სარგებლობის უფლება.
მუხლი 23. საშვებულებო ანაზღაურება
უნივერსიტეტის პერსონალის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია - ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო თუ იგი ყოველთვიურ ფიქსირებულ შრომის ანაზღაურებას იღებს - ბოლო თვის შრომის ანაზღაურების მიხედვით.
თავი V - შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო
მუხლი 24. შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო
1. უნივერსიტეტის პერსონალს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით.
2. უნივერსიტეტის პერსონალს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
3. უნივერსიტეტის პერსონალს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია.
5. ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებისას პერსონალი ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს უნივერსიტეტი აღნიშნული შვებულების აღების შესახებ. პერსონალი ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებად ნაწილს იყენებს თანამიმდევრობით, შესაბამისად, 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში.
მუხლი 25. შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო
პერსონალს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.
მუხლი 26. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება
ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ აღნიშნული შვებულებების დამატებით ანაზღაურებაზე.
მუხლი 27. დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო
1. უნივერსიტეტის პერსონალს თავისი თხოვნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ბავშვის მოვლის გამო დამატებითი, ანაზღაურებისგარეშე შვებულება 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.
2. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.
თავი VI - მივლინება
მუხლი 28. პერსონალის მივლინება
1. უნივერსიტეტი (უნივერსიტეტის სახელით დამსაქმებლის სტატუსით მოქმედი თანამდებობის პირი) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე პერსონალისათვის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლის შესახებ (მივლინება).
2. პერსონალის მოვლინების გადაწყვეტილებას იღებს რექტორი ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად.
3. პერსონალის მივლინება ფორმდება სამართლებრივი აქტი (ბრძანება) გამოიცემა:
ა) უნივერსიტეტის და ფაკულტეტების ადმინისტრაციული პერსონალის (რექტორის მოადგილე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები და დეკანები) - რექტორის ბრძანებით;
ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით
გ) აკადემიური პერსონალის - რექტორის ბრძანებით;
დ) დამხმარე პერსონალის - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;
ე) სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეული პერსონალის (მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, პროფესიული განათლების მასწავლებელი, მოწვეული სპეციალისტები) - რექტორის ბრძანებით;
ვ) საგრანტო პროექტის პერსონალის (მკვლევარები/მენეჯერები/ადმინისტრაციული /დამხმარე/ტექნიკური პერსონალი) - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;
2. პერსონალისათვის მივლინებაში შესასრულებელი სამუშაო უნდა შეესაბამებოდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობით და შრომითი ხელშეკრულებით, ასევე დაწესებულების მიერ მისთვის სხვა წერილობითი ფორმით განსაზღვრულ ფუნქციებს - შესასრულებელი სამუშაოს სახეობას და თემატიკას.
3. უნივერსიტეტის თანამშრომლის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა შესაძლებელია ინიცირებული იქნას უნივერსიტეტის თანამშრომლის, თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის, უნივერსიტეტის რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ წარმოადგენს თანამშრომლისათვის მიცემულ სამსახურებრივ დავალებას, რომლის შესრულება სავალდებულოა.
4. მივლინების შესახებ, ინიციატივა აუცილებლად უნდა იყოს წარდგენილი ქვეყნის შიგნით მივლინებაზე არაუგვიანეს მივლინების დაწყებისა 3 სამუშაო დღით ადრე მაინც, ხოლო საზღვარგარეთ მივლინებისას - 5 სამუშაო დღით ადრე მაინც, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა. მივლინების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტი გამოიცემა შესაბამისი ხელმძღვანელი პირის მიერ ინიციატივის დაკმაყოფილებისა და ამ პუნქტით დადგენილი ვადების დაცვის შემთხვევაში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია დააკმაყოფილოს წერილობითი ინიციატივა, მაგრამ არაუგვიანეს მივლინების ვადის გასვლისა გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, მხოლოდ იმ პირობით თუ ინიციატორის მიერ დასმული წინადადება შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამომცემის მიერ დაკმაყოფილებული იყო მივლინების ვადის დინების დაწყებამდე.
6. მივლინების ფინანსური უზრუნველყოფის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მივლინების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გადაეცეს ფინანსებისა და შესყიდვების სამსახურს.
7. პერსონალი ვალდებულია მივლინებაში გამგზავრებამდე უზრუნველყოს მასთან არსებული სამსახურებრივი ხასიათის დოკუმენტაციის (ასევე მომზადებული პროექტების ელ. ვერსიები, მათი ადგილმდებარეობის მითითებით) გადაცემა მისი შემცვლელი პირის, ან ზემდგომი თანამდებობის პირისათვის.
8. პერსონალი ვალდებულია, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი წერილობითი ანგარიში მივლინების დროს შესრულებული სამუშაოს შესახებ და დადგენილი წესით სათანადოდ გაფორმებული სამივლინებო მოწმობა და სამივლინებო ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს ფინანსებისა და შესყიდვების სამსახურის აღრიცხვა-ანგარიშგების (ბუღალტერიის) განყოფილებას.
9. უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილი არიან დაამტკიცონ პერსონალის საზღვარგარეთ მივლინების წესი და პირობები, რომლებითაც შესაძლებელია განისაზღვროს წინამდებარე შინაგანაწესისაგან განსხვავებული პირობები.
10. ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე უნივერსიტეტის კანცელარიის საქმისწარმოების განყოფილება ამზადებს და გასცემს სამივლინებო ფურცელს.
11. უნივერსიტეტის პერსონალის სამივლინებო ხარჯი გაიცემა ან/და ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის, მივლინების/დაფინანსების შესახებ საუნივერსიტეტო სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
თავი VII - პერსონალის მიერ ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის ვალდებულება
მუხლი 29. პერსონალის ვალდებულებები ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის სფეროში, კოლეგიალობა
1. პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებს და ღირსებას.
2. პერსონალისათვის დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების დამრღვევი ან პერსონალისა და უნივერსიტეტის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სად არის იგი ჩადენილი.
3. დაუშვებელია სამუშაო ადგილზე ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში გამოცხადება.
4. უნივერსიტეტის სივრცეში თამბაქოს მოხმარება რეგულირდება ,,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტების საფუძველზე. ზემოხსენებული აქტებით დაწესებული შეზღუდვის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად.
5. მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას პერსონალი ვალდებულია დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები, გააცნოს საკუთარი თავი და დაკავებული თანამდებობა, იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი.
6. უნივერსიტეტის პერსონალი ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მის ზემდგომ, ან ქვემდგომ თანამდებობის პირს, თანამშრომელს, მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი დახმარება სამსახურებრივ საკითხებზე, თუ ამ თანამშრომელს:
ა) არ შეუძლია თვითონ განახორციელოს მოქმედება სამართლებრივი, ან ფაქტობრივი მიზეზების გამო;
ბ) არ გააჩნია მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ფაქტების შესახებ საკმარისი ინფორმაცია და ამ ინფორმაციას ფლობს თანამშრომელი, რომელსაც მან მიმართა;
გ) დოკუმენტები ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც აუცილებელია საკითხის გადასაწყვეტად, იმყოფება თანამშრომელთან, რომელსაც მან მიმართა;
7. პერსონალი ვალდებულია, როგორც სამსახურებრივი ურთიერთობებისას, ისე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, არ გაავრცელოს, ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოება, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით.
8. პერსონალს აგრეთვე მოეთხოვება დაიცვას სხვა შეზღუდვები, რომლებიც შინაგანაწესში არ არის მოხსენიებული, მაგრამ გათვალისწინებულია უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
9. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს ეთიკის ნორმები ცალკე აქტით (ეთიკის კოდექსი და სხვ.), ასევე ცალკე აქტით დაადგინოს ეთიკის ნორმების დაცვის ვალდებულება (მათ შორის აკადემიური, სამეცნიერო და პედაგოგიური ეთიკის) და მათი დარღვევიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები. უნივერსიტეტის მიერ ეთიკის სფეროში მიღებული სამართლებრივი აქტი უტოლდება შინაგანაწესს, წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილსა და მისი ნორმების დარღვევა შინაგანაწესის ნორმების დარღვევის ტოლფასია. ეთიკის სფეროში ცალკე სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მისი ნორმების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა დგება შინაგანაწესით დადგენილი წესითა და პროცედურებით, თუ თავად ამ აქტის მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
თავი VIII - პერსონალისა და სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა, პერსონალის სამსახურიდან გათავისუფლება (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა) და პერსონალის სამსახურებრივი წახალისება
მუხლი 30. უნივერსიტეტის პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. უნივერსიტეტის პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებით, ეთიკის კოდექსითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით, ასევე მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დადასტურებული დარღვევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობა წარმოადგენს პერსონალის სამსახურიდან გათავისუფლებისა ან მისთვის სხვა დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველს.
3. დისციპლინის დარღვევისათვის უნივერსიტეტი უფლებამოსილია პერსონალის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები (დისციპლინური სახდელი):
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) საყვედური;
დ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
4. წინამდებარე შინაგანაწესით გათვალისიწინებული პირობების დარღვევად, აგრეთვე მიიჩნევა:
ა) სტუდენტის ცოდნის არაობიექტური შეფასება;
ბ) უნივერსიტეტის პერსონალისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა;
გ) უნივერსიტეტში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობა ან მის შესრულებაში სხვებისთვის ხელის შეშლა;
დ) უნივერსიტეტის პერსონალისთვის შეურაცხყოფის მიყენება;
ე) უნივერსიტეტისათვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის პირადი მონაცემების არასწორი მიწოდება;
ვ) სილაბუსის არწარდგენა დადგენილ ვადებში ან მისი შინაარსიდან არსებითი გადახვევა;
ზ) ლექციაზე პოლიტიკური აგიტაცია;
თ) უნივერსიტეტის თანამშრომელთა ან სტუდენტთა მიმართ ცილისწამება;
ი) უნივერსიტეტის პრესტიჟის ხელყოფა;
კ) საზოგადოებაში აღიარებული ზნეობრივი ნორმების დარღვევა.
5. დისციპლინური სახდელის დადებისას გაითვალისწინება პერსონალის მიერ ჩადენილი გადაცდომის/დარღვევის სიმძიმე, ხასიათი, მისი ჩადენის გარემოებები, მისი ბრალეულობის წილი, გადაცდომის ჩამდენის დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, პერსონალის წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა. დისციპლინური სახდელი უნდა იყოს ჩადენილი დარღვევის ადეკვატური, ხაზს უსვამდეს ჩადენილი დარღვევისათვის მისი შეფარდების სამართლიანობას.
6. დარღვევის გამოვლენის მიზნით უნივერსიტეტის შესაბამის პერსონალს - პირს/პირებს (შესაძლო დამრღვევს), უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების მიცემა სავალდებულოა და მის მიცემაზე უარის თქმა განიხილება შინაგანაწესის მოთხოვნათა ცალკე დარღვევად.
7. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელების უფლებამოსილებით სარგებლობს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ან იურიდიული სამსახური ან რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი კომისია (შემდგომში - დისციპლინური კომისია).
8. დისციპლინური სახდელის გამოყენება ხდება რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით დისციპლინური კომისიის დასკვნის (რეკომენდაციის) საფუძველზე.
9. იმ პირის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელთანაც შეჩერებულია შრომითი ურთიერთობები (შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა-შრომისუუნარობა და სხვა) ან რომელიც იმყოფება მივლინებაში, ხდება სამსახურში გამოცხადების შემდგომ.
10. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დისციპლინური სახდელი გამოიყენოს გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლება ვადა, რომლის განმავლობაშიც დამრღვევთან შეჩერებულია შრომითი ურთიერთობა (შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა-შრომისუუნარობა და სხვა), ან თუ იგი იმყოფება მივლინებაში.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული და/ან შრომის დისციპლინის ყოველი დარღვევისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
12. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ (დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ) სამართლებრივი აქტი დანტერესებულ პირს/პირებს გადაეცემათ კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადად, ან ეგზავნებათ ფოსტით საცხოვრებელ მისამართზე.
13. თუ დისციპლინური სახდელის გამოყენების დღიდან ერთი წლის განმავლობაში პერსონალის მიმართ გამოყენებული არ იქნება ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ჩაითვლება ისეთ პირად, რომლის მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა.
14. თუ დისციპლინური სახდელის გამოყენების შემდგომ პერსონალი 1 (ერთი) წლის გასვლამდე არ ჩაიდენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას და, ამასთან, თავს გამოიჩენს, როგორც კარგი და კეთილსინდისიერი თანამშრომელი, მას შეიძლება მოეხსნას დისციპლინური სახდელი, უშუალოდ ხელმძღვანელის ან თანამშრომელთა შუამდგომლობით, დისციპლინური სახდელის გამოყენების ტოლფასი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
15. პერსონალის მიმართ, რომელსაც უკავია არჩევითი თანამდებობა, დისციპლინური სახდელი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა შეიძლება გამოყენებულ იყოს მხოლოდ მათი ამრჩევი ორგანოს გადაწყვეტილებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით.
16. ერთი კალენდარული წლის განმავლობაში პირის მიმართ 2 დისციპლინური სახდელის გამოყენება წარმოადგენს მისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.
17. პერსონალის საქმიანობაში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში დისციპლინური წარმოების პროცედურა განისაზღვრება აკადემიურის საბჭოს დადგენილებით.
მუხლი 31. შრომითი ურთიერთობის შეჩერება, სამსახურიდან გათავისუფლება (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა)
1. შრომითი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და ამ საფუძვლების არსებობის შესახებ პერსონალის მიერ უნივერსიტეტისათვის ოფიციალური ცნობება იწვევს შრომითი ურთიერთობების ავტომატურ შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელია უნივერსიტეტის ოფიციალური თანხმობა (შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო, ანაზღაურების გარეშე შვებულება, ანაზღაურებადი შვებულება).
2. უნივერსიტეტის პერსონალის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსი“, უნივერსიტეტის წესდებით, მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე შინაგანაწესითა და სხვა შიდასამართლებრივი აქტებით.
3. პერსონალი, ვალდებულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გარემოების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს სამსახურთან დაკავშირებული და მისთვის მინდობილი დოკუმენტაციის (ასევე მომზადებული პროექტების ელ. ვერსიები, მათი ადგილმდებარეობის მითითებით) და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ქონების (მატერიალური ფასეულობის), მათ შორის მის სახელზე რიცხული სამუშაო ოთახის გასაღების მისი შემცვლელი პირის ან ზემდგომი თანამდებობის პირისათვის, ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, კორპუსის კომენდატისთვის გადაცემა.
მუხლი 32. უნივერსიტეტის სტუდენტების დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებითა და სამართლიანი პროცედურის გზით.
2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას.
3. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას.
4. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;
გ) მიაწოდოს უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;
ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.
5. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და ეთიკის კოდექსითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს უნივერსიტეტის შესაბამისმა ორგანომ.
6. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
7. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შესაძლო სანქციები და მისი გამოყენების საკითხები განისაზღვრება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით.
8. ეს მუხლი არ ვრცელდება პროფესიულ სტუდენტებზე. მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება აკადემიური საბჭოს შესაბამისი დადგენილებით.
მუხლი 33. პერსონალის წახალისების ფორმები
1. სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი, კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის, ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისა და სხვა ობიექტური საფუძვლების არსებობისას უნივერსიტეტის პერსონალის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნას წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება წერილობით;
ბ) ერთჯერადი ფულადი ჯილდო (პრემია);
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება;
დ) არსებული (მოქმედი) დისციპლინური სახდელის მოხსნა.
2. წახალისების რამდენიმე ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთდროულად.
3. წახალისების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება რექტორის და/ან ადმინისტრაციის ხელმძღვნელის ბრძანებით და ინახება პერსონალის პირად საქმეში.
თავი IX - შრომის პირობების დაცვა;
შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
მუხლი 34. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის უფლება
1. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი.
2. უნივერსიტეტი ვალდებულია პერსონალს გონივრულ ვადაში მიაწოდოს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს პერსონალის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე.
3. პერსონალს უფლება აქვს, უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. უნივერსიტეტი ვალდებულია პერსონალს დაუყოვნებლივ შეატყობინოს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
4. უნივერსიტეტი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და პერსონალს დროულად მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციისთვის მისაღები ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, ამასთანავე, აუცილებლობის შემთხვევაში პერსონალი უზრუნველყოს პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა, ტექნოლოგიური პროგრესის შესაბამისად, დროულად შეცვალოს უსაფრთხო ან ნაკლებად სახიფათო მოწყობილობით და მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
5. უნივერსიეტი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა საწარმოო შემთხვევის შედეგების დროული ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისთვის, პირველადი დახმარების გაწევისა და ევაკუაციისთვის.
6. უნივერსიტეტი ვალდებულია პერსონალს სრულად აუნაზღაუროს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.
7. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ორსული ქალის ისეთი შრომისგან დაცვა, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან ნაყოფის კეთილდღეობას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
მუხლი 35. შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოებაში იგულისხმება პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციური შესაძლებლობების სამუშაოს უარყოფითი ასპექტებისაგან დაცვის სისტემა, რომელიც ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობის პირობებს ქმნის და მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, სანიტარულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო და სხვა ღონისძიებებს.
მუხლი 36. უნივერსიტეტის საქმიანობა შრომის უსაფრთხოების სფეროში
1. უნივერსიტეტი ზრუნავს მასთან დასაქმებული პერსონალისათვის საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ და შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნაზე, ყველა სამუშაო ადგილის სათანადო ტექნიკურ მოწყობასა და იქ შრომის უსაფრთხოების ისეთი პირობების არსებობაზე, რომელიც სრულად შეესაბამება ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
2. უნივერსიტეტის უზრუნველყოფს პერსონალისათვის სწავლების (ტრენინგების) და ინსტრუქტაჟის ჩატარება ინფორმაციის მიწოდებას:
ა) შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი და სხვა ნორმების და უსაფრთხო შრომის პრინციპების შესახებ;
ბ) სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების შესახებ;
გ) საგანგებო სიტუაციების, საევაკუაციო ღონისძიებების და მათი განხორციელების შესახებ;
დ) არსებული საფრთხისა და რისკის, აგრეთვე მათი კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
3. უნივერსიტეტის შენობაში აკრძალულია თამბაქოს მოწევა სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა.
მუხლი 37. პერსონალის ვალდებულებები შრომის უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
1. პერსონალი ვალდებულია დაიცვას უნივერსიტეტის საკუთრებასა თუ სარგებლობაში არსებული მანქანებითა და მექანიზმებით სარგებლობის დაწესებული მოთხოვნები, გამოიყენონ მათთვის მიცემული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, შეასრულონ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმები, რომელებიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
2. პერსონალი ვალდებულია დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 38. კონტროლი შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მუდმივ კონტროლს ახორციელებს უნივერსიტეტის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური და ამ სამსახურის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
მუხლი 39. პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის
შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის პერსონალს ეკისრება კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით განსაზღვრული დადგენილი დისციპლინური, ადმინისტრაციული, მატერიალური, ან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.
თავი X - შრომის ანაზღაურების გაცემის წესი, დრო და ადგილი/ფორმა
მუხლი 40. შრომის ანაზღაურების გაცემის წესი
ხელფასის სახით შრომის ანაზღაურების გაცემის საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით (ასევე უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით) დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულება.
მუხლი 41. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და ადგილი/ფორმა
1. უნივერსიტეტის პერსონალს შრომის ანაზღაურება ეძლევა თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირის განმავლობაში.
2. უნივერსიტეტი იხსნის პასუხისმგებლობას საბანკო სისტემებში წარმოქმნილი მიზეზებით ხელფასის გაცემის შეფერხებებზე და ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.
3. შრომის ანაზღაურების გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკში პირად ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
4. საბანკო დაწესებულებას განსაზღვრავს უნივერსიტეტი.
თავი XI - სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული და შრომითსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი უნივერსიტეტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პერსონალისათვის გაცნობის წესი
მუხლი 42. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული და შრომითსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი უნივერსიტეტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
პერსონალის მიმართ სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული და შრომითსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი უნივერსიტეტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლება აქვს უნივერსიტეტის შესაბამისი მართვის ორგანოს.
მუხლი 43. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული და შრომითსამართლებრივ ურთიერთობის მარეგულირებელი უნივერსიტეტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გაცნობის წესი
სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული და შრომითსამართლებრივ ურთიერთობის მარეგულირებელი უნივერსიტეტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეხება ერთ პირს, გადაეცემა დაინტერესებულ პირს პირადად, ან ეგზავნება მას მის მისამართზე ფოსტის მეშვეობით (გარდა აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობით საბჭოს გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე). ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი გზავნილის მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, ყოველგვარი საზღაურის გადახდის გარეშე, უნივერსიტეტში მიიღოს ხსენებული აქტის ასლი.
თავი XII - დასკვნითი დებულებანი
მუხლი 44. შრომითსამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი სხვა აქტები
1. წინამდებარე შინაგანაწესი არ წარმოადგენს პერსონალთან (დასაქმებულთან) არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ერთადერთ შიდასამართლებრივ აქტს.
2. უნივერსიტეტის შესაბამისი მართვის ორგანოები უფლებამოსილი არიან თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების გამოყენებითა და კომპეტენციის ფარგლებში გამოსცენ პერსონალთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (მათ შორის წინამდებარე შინაგანაწესში მითითებული აქტები), რომლებიც ისევე როგორც წინამდებარე შინაგანაწესი ითვლება პერსონალთან კანონმდებლობით დადგენილი წესით არსებული შრომით ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად.
3. პერსონალი ვალდებულია მუდმივად ეცნობოდეს მისთვის შესასრულებლად სავალდებულო, როგორც წინამდებარე შინაგანაწესის, ასევე შრომითსამართლებრივი ურთერთობების მარეგულირებელი სხვა შიდასამართლებრივ აქტებსა და მათში შეტანილ ცვლილებებსა თუ დამატებებს, რომლებიც გამოქვეყნებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
მუხლი 45. შინაგანაწესის დადგენისა და გაცნობის წესი
- შინაგანაწესს შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
- შინაგანაწესის დამტკიცებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე, შინაგანაწესი, აგრეთვე მასში ნებისმიერი ცვლილების პროექტი წარედგინება უნივერსიტეტის პერსონალს, მისი გაცნობის, მასთან დაკავშირებით შენიშვნებისა და წინადადებების გამოთქმის მიზნით.
- აღნიშნული წინადადებები და შენიშვნები არ არის სავალდებულო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გამომდინარეობენ კანონმდებლობიდან.
- შინაგანაწესი გამოიკვრება უნივერსიტეტში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
- უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ვალდებულია სამსახურში მიღებისას (შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისას) პერსონალს გააცნოს შინაგანაწესი და აგრეთვე, უზრუნველყოს ნებისმიერ დროს დაინტერესებული პირისათვის მისი გაცნობის შესაძლებლობა, ასევე შინაგანაწესში შესაბამისი ცვლილებებისა თუ დამატებების შეტანისას გააცნოს ამ ცვლილებებისა თუ დამატებების შინაარსი მოქმედ პერსონალს.
მუხლი 46. შინაგანაწესის ძალაში შესვლა
შინაგანაწესი ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით მისი საჯაროდ განთავსებიდან - უნივერსიტეტში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას ღიად ან/და უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
მუხლი 47. შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლი
პერსონალის მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლის განხორციელებას, ასევე, აწარმოებს შესაბამისი უფლებამოსილი სტუქტურული ერთეული.
მუხლი 48. პასუხისმგებლობა შინაგანაწესის ნორმების დარღვევისათვის
პერსონალის მიერ შინაგანაწესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე შინაგანაწესის მიხედვით.
მუხლი 49. შინაგანაწესში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა
შინაგანაწესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა და მათი ძალაში შესვლა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.