პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია
სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია
სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის არჩევა ხორციელდება უნივერსიტეტის ფაკულტეტზე. ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე არჩევნების გამოცხადების ერთერთ მნიშვნელოვან წინაპირობას მოცემულ სფეროში სათანადო რაოდენობის ვაკანტური აკადემიური დატვირთვის არსებობა წარმოადგენს. აღნიშნული დატვირთვის წლიური მოცულობა (რომელიც მოიცავს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით და სხვა სახის დატვირთვას) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600 სთ-ს, მათ შორის საკონტაქტო მუშაობის რაოდენობა - არანაკლებ 150 სთ-ს. ამასთანავე, აღნიშნული ვაკანტური აკადემიური დატვირთვის არსებობა, მაღალი ალბათობით, უნდა იკვეთებოდეს არანაკლებ მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
აკადემიური დატვირთვის რაოდენობა, თავის მხრივ, დამოკიდებულია საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსების სპეციფიკაზე, პროგრამაზე დაგეგმილ მისაღებ კონტინგენტზე (პირველი სასწავლო წლის პირველი სემესტრის სასწავლო კურსების შემთხვევაში) ან არსებული სტუდენტების რაოდენობაზე, სასწავლო კურსის განსახორციელებლად აუცილებელ, უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ მატერიალურ რესურსზე (მაგ., აუდიტორიების, ლაბორატორიების ტევადობაზე, ინვენტარის რაოდენობაზე და სხვ.).
საგანმანათლებლო პროგრამის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილია, რომ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო სასწავლო კურსების არანაკლებ 50%-ის პასუხისმგებელ ლექტორებს სასწავლო უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები შეადგენდნენ. ამასთანავე, მიზანშეწონილია საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პერსონალის შეფარდება პროგრამის სტუდენტთა რაოდენობასთან შეადგენდეს საბაკალავრო პროგრამისათვის არანაკლებ 1/40, ხოლო სამაგისტრო პროგრამისათვის - არანაკლებ 1/30. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული დოქტორანტის ხელმძღვანელისა და მისი აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტების თანაფარდობა არ უნდა იყოს 1/3-ზე ნაკლები; ამასთან, პროგრამის განხორციელებაში ჩართული უნდა იყოს მინიმუმ 5 აფილირებული აკადემიური პერსონალი, მათ შორის - მინიმუმ 3 პროფესორი/ასოცირებული პროფესორი, რომლებსაც აქვთ დოქტორანტის ხელმძღვანელობისათვის საჭირო კვალიფიკაცია.
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული სხვა ვაკანტური სასწავლო კურსები ხორციელდება სათანადო კვალიფიკაციის მქონე მოწვეული პერსონალის მიერ. პროგრამის განხორციელებაში ჩართული მოწვეული პერსონალისადმი ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს შესასრულებელ სამუშაოსთან მათი კვალიფიკაციის შესაბამისობა, სათანადო მოტივაცია და საქმიანობის რეალური შესაძლებლობა, რაც სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათი საქმიანობის მოცულობაზეა დამოკიდებული.