სერგო ვარდოსანიძე
16 ნოემბერი,2016
სერგო ვარდოსანიძე (დ. 3 დეკემბერი, 1955, ზესტაფონის რაიონი, სოფელი ზოვრეთი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი.
ბიოგრაფია:
დაიბადა 1955 წლის 3 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1974-1979 წწ. სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. 1986-1989 წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით.
სამეცნიერო ხარისხი და წოდება: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1988), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004), თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2013).
კარიერა:
1979-1990 წლებში მუშაობდა თბილისის კ.დ. უშინსკის სახელობის #1 რესპუბლიკურ ექსპერიმენტულ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, 1983-1985 წწ. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში. 1988 წლიდან დღემდე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ისტორიის ლექტორად, 1994 წლიდან საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. 1990 წლიდან 1993 წლამდე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად, 1993-2003 წლებში ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად და საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 2003-2004 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორად სამეცნიერო მუშაობის დარგში. 2005-2007 კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი.
2008 წლიდან ,,ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში” მოწვეულ პროფესორად.
2010 წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ, რექტორად.
1989-1990 წლებში ასრულებდა ახალგაზრდა პედაგოგთა რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას, მონაწილეობდა 7 რესპუბლიკურ და 8 საერთაშორისო კონფერენციაში, სასულიერო აკადემიის შრომების, ჟურნალ "ჯვარი ვაზისას" რედკოლეგიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ "მაცნეს" რედკოლეგიის წევრი. 2013 წლის 6 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ბრძანებით დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.