მიტროპოლიტი ანდრია

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანდრია
გორის და ატენის მიტროპოლიტი
ერისკაცობაში – ამირან ანატოლის ძე გვაზავა
დაიბადა: 1968 წლის 14 აპრილს, ქ. სოხუმში.
ანგელოზის დღე: 13 დეკემბერი – წმ. მოციქულ ადრია პრიველწოდებეულის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 15. 04. 1995
დიაკვნად კურთხევა: 17. 09. 1996
მღვდლად კურთხევა: 13. 11. 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 18. 10. 1998
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 16. 11. 2006
მიტროპოლიტობა ებოძა: 25. 05. 2010
გორისა და ატენის ეპარქია (ქ. გორი, გორის მუნიციპალიტეტი)
კათედრა გორსა და ატენში, რეზიდენცია გორში.

ვრცლად:
მიტროპოლიტი ანდრია, ერისკაცობაში ამირან გვაზავა, დაიბადა 1968 წლის 24 აპრილს, ქალაქ სოხუმში პედაგოგების, ანატოლი გვაზავასა და ნინო არაჰამიას ოჯახში.
სოხუმის XI საშუალო სკოლის დამთავრების შემდგომ მან სწავლა სამხედრო სასწავლებელში, ხარკოვის საავიაციო-საინჟინრო ინსტიტუტში განაგრძო, რომელიც ჯანმრთელობის გამო ვერ დაასრულა და 1988 სოხუმში დაბრუნდა, სადაც სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა და დაასრულა 1994 წელს. მის მიერ ეკლესიის სწავლების გაცნობა და ეკლესიური ცხოვრების დაწყება 1988-1989 წლებიდან იწყება, რაც ასევე ოჯახის წევრების, ძმის მეუღლის – მარინა ამაღლობელის დახმარებით მოხდა. განსაკუთრებული გავლენა მასზე მღვდელ-მონაზონ სერაფიმე როუზისა და წმ. მღვდელმთავარ ეგნატე ბრიანჩანინოვის ნააზრევმა მოახდინა.
აფხაზეთში საომარი ოპერაციების დროს მონაწილეობდა სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიებში და საომარ მოქმედებებში. ამავე პერიოდში დაუახლოვდა ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავარს, ეპისკოპოს დანიელს (დათუაშვილი), რომლის სოხუმიდან იძულებით წამოსვლის შემდგომ, მეუფე დანიელისადმი დაქვემდებარებულ მარტყოფის მონასტერში დაიწყო მომავალმა მღვდელმთავარმა სასულიერო მოღვაწეობა.
1994 წელს სვეტიცხოვლის ტაძარში მორჩილად, ლაზარეს შაბათს კი ბერად აღკვეცეს და სახელად ანდრია უწოდეს. 1995-1996 წლებში მოღვაწეობა ახლად დაარსებულ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, სოფ. კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების ისტორიულ მონასტერში განაგრძო.
1996 წლის 17 სექტემბერს მთავარეპისკოპოსმა დანიელმა ქ. ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ბერ ანდრიას დიაკვნად დაასხა ხელი, ხოლო იმავე წლის 13 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ, ქ. რუსთავის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა მღვდლად. მსახურობდა ქ. თბილისის სამხედრო აკადემიის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად.
1997 წელს დაინიშნა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი სამონასტრო კომპლექსის, დავით გარეჯელის ლავრის წინამძღვრად და დაჯილდოვდა იღუმენის წოდებით.
1998 წლის 18 ოქტომბერს, წმ. გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს, წმიდა სინოდის განჩინების შესაბამისად ხელდასხმულია საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოსად.
2001 წლის 14 ოქტომბერს წმ. სინოდის გადაწყვეტილებით მღვდელმთავარი ანდრია დადგინდა სამთავისისა და გორის ეპარქიის მმართველად.
2006 წლის 16 ნოემბერს, გორში მყოფმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად ეპისკოპოს ანდრიას მთავარეპისკოპოსის წოდება მიანიჭა. 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მღვდელმთავარი ანდრია ერთადერთი უმაღლესი ოფიციალური პირი იყო, რომელმაც არ დატოვა ქალაქი და ბოლომდე ცდილობდა დარჩენილი მოსახლეობის გამხნევებას. ის პირველი ჩაუდგა სათავეში და პირადად ხელმძღვანელობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ მისიების განხორციელებას. აქტიურად იყო ჩართული ტყვეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების და დაღუპული მეომრების გადმოსვენების საქმეში, რისთვისაც 2008 წლის 16 სექტემბერს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო წმ. ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი ებოძა.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანს...

21 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის კონსულის მოადგილე, ბატონი...

11 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა